
15 წლის ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, მედიასთან საუბრისას ძმის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დამნაშავეა და სასამართლოს განაჩენი მის დასჯასთან დაკავშირებით მართებულია. დღეს, ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„გამამტყუნებელ განაჩენს ველოდით. გვეგონა მაქსიმალურ 5 წელს მიუსაჯიდნენ, მაგრამ სამი წელიც არაა ცუდი, რადგან მისი ადვოკატები მარიანას ბრალს არ ადასტურებდნენ. რაც შეეხება სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას, ადვოკატთან საუბრისას თუ ჩავთვლით, რომ საჭიროა გასაჩივრება ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა.
ინფორმაციისთვის, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.