რეზონანსი
06.09.2020

შეცვლილი ჩვენებები და განსხვავებული ვერსიები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. ადვოკატმა დღეს დაღუპული გოგონას ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კაპანაძეს გამოძიებისთვის სხვდასხვა დროს, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვს მიწოდებული.

მაგალითისთვის, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ერთ ერთ პირველ ჩვენებაში, კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისა და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.

თუმცა, რამიშვილი ამბობს, რომ მან გამოკითხა ბაჩალიაშვილის თანაკლასელები და არცერთი მათგანი წარსულში სუიციდის მცდელობას არ ადასტურებს.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძემ პირველ დაკითხვაზე გამოძიებას უთხრა, რომ თამარის ხასიათიდან გამომდინარე, ის გამორიცხავდა ბაჩალიაშვილი უცხო ადამიანის თხოვნით შორ მანძილზე წასულიყო და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი კაცი იქნებოდა, რაც შეეხება ქალს - მიხეილ რამიშვილის თქმით, კაპანაძეს ქალი ასე კატეგორიულად არ გამოურიცხავს.

მიხელ რამიშვილი ამბობს, რომ ეს ჩვენება დამატებითი ინტერესის საგანი უნდა გახდეს და გამოძიებამ უნდა ამოიღოს სატელეფონო ჩანაწერები ვინ დაურეკა პროგრამისტს 18 ივლისის დილას.

რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძე და პროკურატურა თანამშრომლობენ და გამოძიება საკუთარი ვერსიის- თვითმკვლელობის გამყარებას, სწორედ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის ჩვენებებით ცდილობს.

ადვოკატი ამბობს, რომ დეა კაპანაძე მასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს:

„მე ვნახე ბაჩანასი და დეას მიმოწერა, სადაც პირდაპირ ეკითხება ბაჩანა- ადვოკატთან თუ გექნება ურთიერთობაო და დეა პირდაპირ პასუხობს, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს მე თამარის ადვოკატთან, მაგ კაცთან რაიმე კომუნიკაცია მქონდესო. ჩემი ყველანაირი მცდელობისა, თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას“- ამბობს მიხეილ რამიშვილი

როგორც ადვოკატმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, გეგმავს გაასაჯაროოს სხვა ჩვენებები, მათ შორის მწყემსების ჩვენები, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვნად ცვლის საქმის გარემოებებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×