
„შესაძლოა კარანტინის პერიოდი 8 დღემდეც დავიდეს იმიტომ,რომ ამ დაავადების გამოვლინება უპირატესად მე-5-6 დღესაა ხოლმე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დღეს მოქმედი 12-დღიანი სავარაუდო კარანტინის პერიოდის შესაძლო შემცირებას.
განცხადება კარანტინის ვადის შესაძლო შემცირებაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით გამორიცხული არაა, რომ 12 დღიანი პერიოდი 8 დღემდე დავიდეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ეს პერიოდი 14 დღეს მოიცავდა.
როგორც ენდელაძე ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსმა გარკვეული ცვლილება განიცადა და მისი საინკუბაციო პერიოდი შემცირდა.
„კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი კი არ შემცირდა, ვირუსი უპირატესად კონტაქტიდან მეხუთე, მეექვსე დღეს ვლინდება ხოლმე და ამიტომ ჩამოვიყვანეთ (12 დღემდე). მეთოთხმეტე დღის შემთხვევები თითქმის არ იყო და ამიტომაც მოხდა ასე, ახლა შესაძლოა კარანტინის პერიოდი 8 დღემდეც დავიდეს იმიტომ, რომ ამ დაავადების გამოვლინება უპირატესად მე-5-6 დღესაა ხოლმე.
კითხვაზე კარანტინის ვადის შემცირება ხომ არ გამოიწვევს ინფიცირების შემთხვევების „გაპარვას", რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ინფექცია მე-10-11 დღეს გამოვლენილა, ენდელაძემ გვიპასუხა: „ვერ გეტყვით, ამის შესახებ საუბარი ცოტა რთულია, ჯერჯერობით ეს შემცირება ხომ გადაწყვეტილი არაა."
„რაც შეეხება ქვეყანაში ზოგად მდგომარეობას, ვხედავთ რომ მატებაა. ეს ძალიან დიდი არაა, თუმცა აპრილის თვის მატებებს მიუახლოვდა და საკმაოდ სერიოზულია. სიტუაცია გარკვეულწილად მთლად კარგი არაა,მაგრამ ჯერჯერობით ეს არც დრამატული ამბავი არაა. ჩვენი ქვეყნისთვისაა ეს სერიოზული, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მატებას ნატრობენ, კვირას 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,თუმცა ბოლო პერიოდში მაქსიმალური 38 იყო და უკვე ამ ციფრს აღარ უტილდება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.