
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ განიხილება.
გამყრელიძემ აჭარის მოსახლობას გაფართოებულ ტესტირებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამასთან მედიკოსმა აღნიშნა, რომ ფარტომასშტაბიანი გამოკვლევები ინფექციის დროულად გამოვლენისა და მისი კონტროლის ყველაზე ეფექტური გზაა.
„თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებსა და განსაკუთრებულ გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, საუბარი არ იქნება.
გაფართოებული ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იმისთვის, რომ ვირუსი დროულად გამოვავლინოთ და ადამიანი გადავიყვანოთ იზოლაციაში. რაც შეეხება გამკაცრების ე.წ. „მიკრო“ ღონისძიებებს, რაც გამოვიყენეთ მესტიაში, ყარაჯალარში, ბოლნისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ახლა ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ. ამასთან, უნდა მოვუწოდო აჭარის მოსახლეობას, რომ მიმართონ გამოკვლევებს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.