
არ არის გასაკვირი, რომ სეზონის ბოლოს შემთხვევების გარკვეული მატება მივიღეთ აჭარაში, რადგან სწორედ ბათუმში ბევრმა დამსვენებელმა გაატარა ზაფხული. მისი თქმით, ეს პანიკის საფუძველს არ გვაძლევს.
„ძალიან ბევრ ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა, ბულვარში, საველე ლაბორატორიის პირობებში. ასევე - 10 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა სრულიად, როგორც კონტაქტებში, ასევე კლინიკურ პირობებში და აქედან, დაახლოებით, 40-50 შემთხვევა გვაქვს, რაც განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა საყურადღებოა.
ეს არ მიუთითებს ინფექციის ფართო გავრცელებაზე. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჩვენი მთავარი გადაწყვეტა არის - სწრაფი ტესტირება, კონტაქტების აქტიური გამოკვლევა და ნებისმიერი დამსვენებელი, ან აჭარის მცხოვრები, რომელიც თვლის, რომ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ აქვს სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღეს გავრცელების პირობებში, ჩაკეტვის და მსგავსი მკაცრი ზომების საჭიროება არ არის.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ითანამშრომლოს და ეჭვის შემთხვევაში მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, რაც ჩაკეტვას აგვაცილებს.
„ზაფხულის განმავლობაში, რაღაცნაირად დაივიწყეს წესები და ხალხმრავლობაც იყო კაფეებში, ბარებში, ამის მოწმეები ვიყავით. არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ღამის გასართობ ადგილებში არ იცავენ წესებს და არც პირადი დაცვის საშუელებებისთვის მიუმართავთ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, რამ გამოიწვია „დონაში“ ამდენი კონტაქტის გაჩენა, ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
„წესი უნდა იყოს ყველასთვის წესი, რომ შემდეგი აფეთქებები ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.