რეზონანსი
04.09.2020

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის" საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ", „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები". ასევე, მან „გუგლის" საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები. იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს"„იმპექსის", „პსპ"-ს, „ჯიპისის", „ავერსის" აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს" პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა" და „ბაკურიანის" ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის" წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×