
გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, „ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" გადაწყვიტა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნოს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ენდიაი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრებ და თანმდევ პროცესებს დისტანციურად დააკვირდება.
ამასთან, "ენდიაი" აპირებს, კვლავ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა, საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიების კამპანიები, გენდერი და ინკლუზია, მედია და დეზინფორმაცია. ინსტიტუტის განცხადებით, ეს ანალიტიკოსები იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად.
პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.