
თბილისში პოლიციამ დააკავა Skygirl ბარის დაცვის ორი თანამშრომელი, რომლებმაც 22 აგვისტოს ერთ-ერთ კლიენტი სასტიკად სცემეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.