
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა მოეშვა და ღია, თუ დახურულ საჯარო სივრცეში შესაბამისი წესების დაცვა ნაკლებად ხდება.
„გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით, რასაც ვუყურებთ ქალაქში, თუ სხვაგან, ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით. რეკომენდაციების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს წინაპირობა ინფექციის მეტად გავრცელებისა.
კორონავირუსული ინფექცია კიდევ დაახლოებით წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. დავიცვათ სწორი ბალანსი, ერთი მხრივ, სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ადამიანი და სწრაფად ვუმკურნალოთ. საბედნიეროდ, იმატებს მსუბუქი შემთხვევები და ეს კარგია. დავიცვათ რეკომენდაციები, ვიდრე არ იქნება ვაქცინა“, - განაცხადა გამყრელიძემ.