
დღეს 2 სექტემბერს 10 წელი გახდა, რაც საქართველოში ღვედის ტარება სავალდებულოა - ამ ფაქტს სასაქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ეხმაურება.
მესხიშვილის თქმით, ღვედი წინა სავარძელზე, მგზავრის სიცოცხლეს 45%-60%-ით იცავს, ხოლო უკანა სავარძელზე 70%-ით.
„საიუბილეო 10 წელია უკვე, რაც ქართველმა ხალხმა ღვედი გადაიჭირა!
წარმოიდგენდით რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებდით და ყველა ღვედგადაწკეპილი დაგვხვდებოდა საქართველოში? „Really? Is not it mandatory? Why? Crazy!” - გაოგნებული უცხოელი სტუმრებიც სადღაც გაქრნენ.
ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მითხრა: „ქართველ კაცს ღვედით ვერავინ დააბამს ძმაო“.
მეორემ ეს მითხრა პირდაპირ ეთერში: „სხეული ჩემია და მინდა მოვკვდები და მინდა არა“.
მესამემ: „ღვედს როცა იკეთებ, თვითდაჯერებული ხარ და უფრო სწრაფად მართავ ავტომობილს, სისულელეა ეგ ღვედი“.
მოკლედ რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ ღვედი სავალდებულოა დღეს და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში კოლეგებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მივიღე!
ღვედი წინა სავარძელზე, მგზავრის სიცოცხლეს იცავს 45%-60%-ით, ხოლო უკანა სავარძელზე კიდევ უფრო მეტად-70%-ით. საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სტატისტიკა წლიურად: 35 000 შემთხვევა, 10 000 დაშავებული, 500 გარდაცვლილი. ციფრები საგანგაშოა და ის კიდევ უფრო შემზარავი იქნებოდა, რომ არა ღვედები! მაგრამ სურათს გაცილებით შეამსუბუქებდა უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულება, ვინაიდან ღვედის გარეშე ის წირავს მის წინ მჯდომ მგზავრს, რაც დადასტურებულია ტესტებით.