
გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით" მოწამლეს - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბუნდესვერის სპეციალისტებმა ნავალნის ანალიზი კნლინიკა „შარიტეს" ნებართით ჩაუტარეს, სადაც თავის დროზე ნავალნი რუსეთიდან სამკურნალოდ გადააფრინეს.
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ლაბორატორიამ უდავო მტკიცებულება აღმოაჩინა, რის შემდეგაც ოთხშაბათს კანცლერმა ანგელა მერკელმა და მინისტრებმა შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრისთვის შხვედრა გამართეს.
გერმანიის ხელისუფლება აღნიშნულს გმობს, მიიჩნევს, რომ რუსეეთის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა ჩვეულებრივი მოვლენა არაა და მომხდარის გამო განმარტებებს რუსეთის ხელისუფლებისგან ელოდება.
გერმანია ასევე აპირებს, რომ ნავალნის ანალიზის შედეგები ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადასცეს, რათა ქვეყნებმა მომხდარზე საერთო რეაგირება მოახდინონ. ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასაც მიმართოს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი დიმიტრი პესკოვი „რია ნოვისტი"-სთან აღნიშნავს, გერმანიის ხელისუფლებას რუსეთისთვის ნავალნის ანალიზის შედეგები ჯერ არ უცნობებია, რუსეთს კი ნავალნის ტოქსიკოლოგიური ტესტის სხვანაირი პასუხი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა, ნავალნის ტანმხლები პირი აცხადებდა, რომ ოპოზიციონერმა მხოლოდ ჩაი დალია სადაც შესაძლოა საწამლავი ნივთიერება ყოფილიყო, მოგვიანებით ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამვლის ვერსია გამორიცხეს.