რეზონანსი
02.09.2020

„სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა, რეგულაციების არარსებობის გამო, ტრეფიკინგის ღია წყარო იყო", - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისი თქმით, მარტოხელა მშობელს სუროგაციის უფლება არასდროს ჰქონია და ეს დღესაც ასეა.

"როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე, იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება, ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით. როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. რვა წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო, შევუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი", - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წყვილებისთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პირობებია დაწესებული იმისათვის, რომ ბავშვის და სუროგატი დედის უფლებები დაცული იყოს.

"ვინც არის ან უნაყოფო წყვილი, ან წყვილი რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს სხვა ბავშვი სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, რათა არამხოლოდ ბავშვის, არამედ იმ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100% საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90% არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები. ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×