
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მისივე თქმით, ორ მათგანს კარგი ნევროლოგიური სტატუსი აქვს.
„პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. მათი მდგომარეობა არის დადებითი, ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.