
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე რვა მოწმე დაიკითხება, მათ შორის იქნებიან 18 ივნისს წვეულების მონაწილე პირები, ასევე საქმის გამომძიებლები.
ადვოკატების განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ დაუსვან კითხვები საქმის გამომძიებლებს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ეჭვები აქვთ. რაც შეეხება წვეულების მოწმეების გამოკითხვას, ადვოკატების თქმით, ისინი ეცდებიან, გამოკითხონ მოწმეები დეტალურად, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობას დაამტკიცებს.
საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მოწმეები დეტალურად მოყვებიან წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მოწმეები, რომელთა დაკითხვასაც აპირებს სასამართლო პროცესზე. წარმოდგენილია რვა მოწმე, აღნიშნული პირები არიან როგორც წვეულებაზე მყოფი პირები, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლები“,- განაცხადა პრკურორმა.
ასევე, პროკურორი გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებებს. გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ დასვენების დღეებში მათი ინფორმირების გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა საქმის პროკურორი, რომელიც ცდილობდა გაგნიძისგან ჩვენების მიღებას. თუმცა როგორც პროკურორი ამბობს, თავად ბრალდებულის მოთხოვნა იყო მასთან საქმის პროკურორის შესვლა.
„ბრალდებულმა წერილით ნამდვილად მიმართა პროკურატურას და ითხოვა მასთან საქმის პროკურორის შესვლა. საქმის პროკურორი იყო შესული ბრალდებულთან, თუმცა მან კომუნიკაცია მისი ინტერესების დამცველის გარეშე არ იქონია და არჩილ გაგნიძესთან არანაირი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა“,- განაცხადა პროკურორმა.