
რესპუბლიკური პარტიის საერთოეროვნული კონგრესის შემდეგ, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისა და მისი მთავარი კონკურენტის, ჯოზეფ ბაიდენის რეიტინგებს შორის სხვაობა შემცირდა და ახლა ტრამპი ბაიდენს მხოლოდ 6 პუნქტით ჩამორჩება. ასეთი შედეგები აჩვენა კომპანია „მორნინგ კონსალტის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
გამოკითხვა რესპუბლიკელთა ყრილობის დასრულების მომდევნო დღეს ჩატარდა. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 4 000 რესპონდენტს დაუსვეს კითხვა: რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს? შედეგად, 44% -მა განაცხადა, რომ ისინი ხმას აძლევენ თეთრი სახლის ამჟამინდელ მფლობელს, ხოლო 50%-მა კი უპასუხა, რომ ხმას ბაიდენს მისცემდნენ.
რესპუბლიკელთა კონგრესამდე ამავე კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვით კი, ბაიდენს 52% უჭერდა მხარს და ტრამპს - 42%.
„მორნინგ კონსალტში" კიდევ ერთ საყურადღებო ფატზე ამახვილებენ ყურადღებას - რომ ამომრჩეველს ბაიდენის მხარდამჭერი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ასეთივე რეაქცია არ ჰქონია და რომ დემოკრატების ყრილობამდე და ყრილობის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პრაქტიკულად იდენტურია.
ტრამპსა და ბაიდენს შორის სხვაობა სხვა კვლევებითაც მცირდება. მაგალითად,
ჯერ კიდევ პარტიების საერთონაციონალურ კონგრესებამდე და ტრამპისა და ბაიდენის კანდიდატებად დასახელებამდე, „სიენენი" იტყობინებოდა, რომ ტრამპმა შეამცირა პოპულარობის სხვაობა მასსა და ბაიდენს შორის. SSRS-ის მიერ 12-დან 15 აგვისტომდე ჩატარებული კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 50% ხმას ბაიდენს აძლევდა და 46% -ტრამპს. ივნისის დასაწყისში კი ამავე კომპანიის კვლევისას გამოკითხულთა 55% მზად იყო ხმა ბაიდენისთვის მიეცა, 41% კი ტრამპს უჭერდა მხარს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.