
სცემეს თუ არა 77 წლის ქალს კლინიკა "სითი მედიქალში“- სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ნიკა მენთეშაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ ვიდეოკადრები ამოიღო, რომლის მიხედვითაც პაციენტზე ძალადობა არ დასტურდება.
"ე.წ. ნაცემი პაციენტი კლინიკაში იმყოფება და აგრძელებს მკურნალობას. დღეს დილით ჰქონდათ კონტაქტი პაციენტის პატრონებს რეანიმაციის უფროსთან და რამდენიმე დღეში გავწერთ სახლში.
პოლიციასთან ერთად ვნახე ვიდეოჩანაწერები, პოლიცია გაესაუბრა აქ მწოლიარე პაციენტებსაც, რომლებიც იმყოფებოდნენ რეანიმაციაში და არა მართვით სუნთქვაზე.
კადრებში ჩანდა ის, რომ ადამიანები ეხმარებიან პაციენტს, დაუდგან წვეთოვანი, მიხედონ... ჩვეულებრივი კლინიკური პროცედურები ჩანდა,“ - განაცხადა მენთეშაშვილმა.
კადრები არ უნახავთ პაციენტის ოჯახის წევრებს - მისი შვილის თქმით, გატეხილი მობილური ტელეფონი და სილურჯეები ქალის ხელებზე სიტუაციას საეჭვოს ხდის.
"ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგ კადრებს ვერ განახებთო, ასე რომ არ ვიცი, კადრებში რა როგორ არის...
როგორც (პაციენტი) მეუბნება, ორი ადამიანი მაკავებდაო და ერთი მირტყამდაო. ფაქტია, დალურჯებული აქვს ხელები, მობილური ტელეფონი გატეხილია...
ღამე 12 საათამდე ჩემი და იქ იყო და კათეტერისგან დალურჯება ჰქონდა მკლავთან ახლოს, ზემოთ, და არა - მხრებამდე. დილამდე ასე გაულურჯდა ორივე ხელი?! საეჭვოა...“ - ამბობს "კურიერთან“ პაციენტის შვილი.
კლინიკა ”მედიქალ სითის” რეანიმაციისა და ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელი კობა ბალიაშვილი კი განმარტავს, რომ ქალს სილურჯეები ვენის კათეტერიზაციის გამო აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს მედპერსონალის წინააღმდეგ - ექიმის განმარტებით, ქალს ხშირად ავიწყდება საკუთარი ნათქვამი :
"როდესაც რამდენჯერმე არის ვენის კათეტერიზაციის მცდელობა, იმ ადგილას შემდეგ ჩნდება სისხლჩაქცევები.
ქალბატონი ქრონიკულად მოავადე ავადმყოფია, კოაგულაციური ფაქტორები ცოტა პრობლემური აქვს და მინიმალური შეხებითაც კი - კათეტერიზაციით იქნება თუ ისე, როდესაც სჭირდება ხოლმე ხანდახან ხელების დაფიქსირება (თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა), სისხლჩაქცევები ძალიან მარტივად უჩნდება.
ოჯახზე ვერ ვიტყვი აუგს - ეს პაციენტისთვის უნებურადაც ხდება, პერიოდულად ისიც კი არ ახსოვს, რა ისაუბრა, შეუსაბამო რაღაცებს იძახის და ოჯახი, რა თქმა უნდა, ნერვიულობს,“ -განაცხადა კობა ბალიაშვილმა.