რეზონანსი
30.08.2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964 წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1958 წელს დაბადებული ა.ც.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი – ი.ს. თბილისში დააკავეს. მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულები – თ.ს., გ.ჯ. და ა.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×