რეზონანსი
29.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია ასევე ამბობს, რომ სრულიად ენდობა გამოძიებას და მისთვის გაუგებარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიცია. მისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი გვარამიასთან ინტერვიუზე მივიდა.

„ვერ წარმომიდგენია, როგორ დაუჯდა ჩემი დისშვილი გვარამიას ეთერში, მითუმეტეს რომ ჩემიც და თამარის აზრიც გვარამიას შესახებ კარგად იცოდა. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა და დამინახავდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი“, – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ 23 წლის გოგოს პირად თვისებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მომთმენი და თბილი ადამიანი იყო.

„ძალიან მომთმენი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. მისი ინტერესის სფერო იყო „წარმატებული ლედი“. ძალიან ბევრს მიაღწია თავის ასაკში, 23 წლისთვის, მაგრამ მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო. ამბობდა, რომ სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა 4-იანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო მათემატიკაში, ფიზიკაში და ა.შ. ოქროსმედალოსნობა უნდოდა, მაგრამ ვერცხლის მედალით დაამთავრა. ასევე უნდოდა, რომ ცოტა უფრო მაღალი ყოფილიყო. რაც შეეხება მის სამსახურს, არ საუბრობდა იმაზე, რაში მდგომარეობდა მისი საქმიანობა. ვიცოდი, სად მუშაობდა, სად იყო ტერიტორიულად მისი სამსახური, თუმცა რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი. სულ მეუბნებოდა, რომ თანამედროვე სფეროა და ვერ გავერკვევოდი. საერთო ჯამში, გულჩათრხობილი ბავშვი იყო, სკოლაშიც ძირითადად სწავლაზე ფიქრობდა. მე 14-დღიან კარანტინში მოვხვდი და იქიდანაც თამარს უნდა გამოვეყვანე. ვერ მოვასწარი, სახლში რომ დავბრუნდი, მიცვალებულიც იმ დღეს მოიყვანეს. ასე მგონია, რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა“, – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×