მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი აღინიშნა. 27 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი, 49 შემთხვევა დაფიქსირდა. 28 აგვისტოს კი ვირუსის 2 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ასევე რეკორდია.

ამის ფონზე, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა აეკრძალოთ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევს. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადის სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობს უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნია ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.

ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ძალაში შევა 29 აგვისტოდან და იმოქმედებს 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.

დღევანდელი მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსი საერთო ჯამში, თითქმის 115 000 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2 451 გარდაიცვალა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 083-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×