პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდა იძულებითი ნაბიჯია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ამ გზით ცდილობს, არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს.
„პირველ რიგში, ეს ბოდიში არის იძულებითი. 8 წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ, ისევ და ისევ ძალაუფლებისთვის. ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს. ამ ბოდიშის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში და თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევაზე, ამას ბოდიში არ კმარა. ამაზე კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი პასუხისმგებლობები. ამიტომ, მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე. მისი ბოდიში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი", - განაცხადა სესიაშვილმა.