
11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს 26 აგვისტოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია. თავად ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ შვილის სიკვდილში დამნაშავე არ არის. 49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ცამდე მართალია.
პროკურატურა კი ამბობს, რომ მამაკაცი მოზარდს ავიწროვებდა, სცემდა, აშინებდა და ბავშვი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ცნობილი იყო ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, ბავშვი ყველას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ იმის შიშით, რომ ფრიდონ აბჟანდაძე მათაც დაუპირისპირდებოდა, ბავშვს ყველამ ზურგი აქცია.
გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე ამბობს, რომ ტრაგედიიდან ცოტა ხნით ადრე მის ძმას ესაუბრა.
"ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ველაპარაკეთ ჩემს ძმას, ფულს ითხოვდა მამა, დედამ უარი რომ უთხრა, გავიგონეთ მე და დედამ მამა რომ გვითხრა, ვეღარც ავთოს ხმას გაიგონებთ და ვეღარც ნახავთო. ამის შემდეგ გაწყდა ავთოსთან კავშირი, მესენჯერით ველაპარაკებოდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ვრეკავდით, აღარ პასუხობდა. დიდი დრო არ გასულა, სადღაც ალბათ ნახევარი საათი დეიდამ რომ დაგვირეკა, პოლიცია გამოიძახეთო და მერე ბიძაჩემმაც დარეკა, ავთო ცოცხლალი აღარ არისო.
მამა რომ დათვრებოდა, საშინელი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნემსს ვუკეთებდით, რომ არ დაელია, რომ გაიკეთებდა, შემდეგ ნორმალურ ფორმაში იყო. ახლა რამდენიმე დღეა დალევა დაიწყო და ეს ფაქტიც მოხდა, სიმთვრალის გამო მოხდა ყველაფერი", - განუცხადა გარდაცვლილის დამ "ambebi.ge"-ს.