რეზონანსი
25.08.2020

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანასთან დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი.

"შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა

მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი, არ ვიცი. ადგილს მუხრუჭის კვალი ეტყობოდა, მაგრამ მოხვევის კვალი არ იყო. ალბათ, გაეჭედა რამე" - განაცხადეს ადგილობრივებმა.

მომხდარის მიზეზების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილების ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.

მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო ვერსიებზე kvirispalitra ესაუბრა საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს:

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე:

"საერთოდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ გამოძიება, გარდა მძღოლის ბრალეულობისა, არასდროს არ გადის სხვა ფაქტორებზე. ზოგადად, შეიძლება იყოს ინფრასტრუქუტრული პრობლემა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა და ა.შ. ასეთია ჩვენთან არსებული გამოცდილება, ეს საქმე კი უფრო სიღრმისეულადაა გამოსაძიებელი.

ჩემი ინფორმაციით, ამ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონია. აქ ჩნდება კითხვა - როგორ გადაადგილდებოდა ტექდათვალიერება გაუვლელი მიკროავტობუსი ჩვენს გზებზე, თუ კანონის აღსრულება სათანადო დონეზეა?

ჩვენ გადავამოწმეთ კამერები აგვისტოს დასაწყისში და ტექდათვალიერების გაუვლელობაზე არც ერთი კამერა არ რეაგირებს.

არის ვერსია, თითქოს მიკროავტობუსის მძღოლი, შესაჩერებლად გზაზე მდგომ "ჯიპს" მიზანმიმართლად დაეჯახა.

არცერთი ვერსია გამოსარიცხი არ არის.  გვაქვს სამწუხარო რეალობა: მგზავრების გადაყვანა ხდება სატვირთო მიკროავტობუსებით, რომლებიც ძირითადად სამგზავროდაა გადაკეთებული.

არ ვიცი ეს კონკრეტული მიკროავტობუსი გადაკეთებული იყო თუ არა, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დაახლოებით 90% გადაკეთებულია.

ამას ემატება გზის რთული რელიეფი. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლს ზედმეტად ვერ დატვირთავ, განსაკუთრებით, გზის ასეთ რთულ მონაკვეთზე

სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა არცერთი რეკომენდაცია. იგივე მსოფლიო ბანკის, არასამთავრობოების, ევროდირექტივები და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ საქართველოში განესაზღვრათ ფუნქციურად ვინ იქნებოდა სამგზარო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა.

უნდა გაირკვეს ვინ არის ტრანსპორტის პოლიტიკასა და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ფორმალურად ეს ეკონომიკის სამინისტროა, რაც აბსოლუტურად ანომალურია. არსად, განვითარებულ ქვეყნებში არ მახსენდება საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო იყოს".

გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დამფუძნებელი:

"იმის გარდა, რომ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონია, ის ასევე გადატვირთული იყო. 20 მგზავრი ასეთი რთული გზის მონაკვეთისთვის, მოსახვევისთვის, სადაც ბალანსი უნდა შეინარჩუნო, შეიძლება გადატვირთულად ჩაითვალოს.

როგორც ვიცი, "სპრინტერის" ტიპის სამგზავრო მიკროავტობუსები ჩვენთან როცა შემოჰყავთ, მერე ხდება მათი გადაკეთება. ამიტომ ჩვენთან ელემენტარული სტანდარტები მაინც უნდა დაწესდეს, მინიმუმ ის, რომ გადაკეთებული მანქანებით ტურისტების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

შიდა ტურიზმიო, რომ ვამბობთ, ტურიზმის დეპარტამენტი, პარლამენტი, უნდა შეიკრიბოს და კონკრეტულ სტანდარტებზე ჩამოყალიბდნენ, ჩაატარონ განხილვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედიები ისევ განმეორდება.

ის ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალიან პოპულარულია ტურისტებში, კიდევ ერთი ადგილი გომის მთაა, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტულად, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსაწესრიგებელია.

რაც შეეხება ვერსიებს, ყველა ვერსიის განხილვა შეიძლება, დამრეცზე შეძლო თუ ვერა დამუხრუჭება, გაექცა თუ არა სადავეები? შესამოწმებელია მიკროავტობუსის სიჩქარე, მძღოლის მდგომარეობა. ზუსტად ესაა ჩვენთან პრობლემა, ასეთი სიტუაციები დეტალურად უნდა გამოიძიონ და გაირკვეს კონკრეტული მიზეზი ან მიზეზები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×