რეზონანსი
25.08.2020

არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს იმ სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური ჯგუფის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების საკითხი, როგორც საქართველოში, ასევე ბევრ ქვეყანაში დგება ხოლმე გამოკვლევის, გამოძიების, გარკვევის საგანი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც გასარკვევია, მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფების დაფინანსების წარმომავლობა, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან.

„აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რათა არანაირი შეკითხვები არ დარჩეს, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ისეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან მტრული განწყობების მქონე სახელმწიფოებთან.

ჩვენთვის ყოველთვის იყო წყალგამყოფი და „ქართული ოცნება“ გამორიცხავდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ჰქონდათ სიმპათიები, დამოკიდებულება და ინტერესები რუსეთთან. შესაბამისად, საინტერესოა, გარკვეული პერიოდის წინ ისინი რომ აცხადებდნენ, ითანამშრომლებდნენ პრორუსულ ჯგუფებთან, როგორია მათი დამოკიდებულება დღეს? მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ ისინი თავს უწოდებენ პროდასავლურ ჯგუფებს, თუმცა მაგიდასთან სხედან ბურჯანაძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ოქრუაშვილთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან. უნდა გაირკვეს ახლა, როგორ აპირებენ ისინი თანამშრომლობას პრორუსულ ჯგუფებთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×