მარიამ ნებულიშვილი
25.08.2020

მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ეს შეიძება იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ავადმყოფობისას საჭირო იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს, ან თავად კორონავირუსი იცვლება. როგორც ქართველი ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, ერთეული შემთხვევები ამ ეტაპზე არაფერს ნიშნავს, თუმცა საყურადღებოა.

ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა ჰონგ კონგში 24 აგვისტოს დაფიქსრიდა. „ბიბისის" ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულია 30 წლის მამაკაცი, რომელმაც იგივე ინფექცია პირველად 4,5 თვის წინ გადაიტანა. ჰონგკონგელი სპეციალისტების ინფორმაციით, ვირუსის გენოტიპის კვლევამ აჩვენა, რომ მისი ეს ორი შტამი „აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან".

ამავე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელახლა ინფიცირებულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის სხვა შტამთან, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა. პირველ შემთხვევაში პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. ამჟამად კი მას სიმპტომები საერთოდ აღარ აქვს.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთშიც. რუსეთის ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა შოლბან კარა-ოოლმა 25 აგვისტოს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში" დაწერა, რომ კვლავ მოხვდა ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ ამჯერად დაავადების სიმპტომები განსხვავებულია იმისგან, რაც პირველად ინფიცირების დროს ჰქონდა.

ტუვის ლიდერის თქმით, მას სჯეროდა, რომ კოვიდ-19-ით მეორედ დაავადება შეუძლებელი იყო. „შესაძლოა, ამ თავდაჯერებულობამ მომატყუა", განაცხადა შოლბან კარა-ოოლმა.

ის მოსკოვში გაგზავნეს დამატებით გამოკვლევებზე.

შოლბან კარა-ოოლის კორონავირუსის ინფექცია პირველად სამი თვის წინ შეეყარა. მაშინ საავადმყოფოში ამავე დიაგნოზით მოხვდა ტუვის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც.

ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას თქმით, შესაძლებელია ვირუსმა მუტაცია განიცადა და ორგანიზმში პირველი ინფიცირების დროს გამომუშავებულმა იმუნიტეტმა ადამიანის ჯანმრთელობის ახალი შტამით ინფიცირებისგან დაცვა ვერ შეძლო.

„ნებისმიერი დაავადების დროს შეიძლება მოხდეს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები. ეს დამოკიდებულია იმაზე, გამომუშავდება თუ არა ხანგრძლივი იმუნიტეტი ამა თუ იმ დაავადების გადატანის შემდეგ. კორონავისუის შემთვევაში ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის რა ხნაგრძლივობის იმუნიტეტი გამომუშავდება და რამდენი ხანს შეიძლება იყოს დაცული ადამიანი დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ ხელმეორედ დაინფიცირებისგან.

„ერთეული შემთვევა შეიძლება იმით აიხნას, რომ ამ ადამიანს არ გამოუმუშავდა ანტისხეულები. მაგრამ თუ დინამიკაში ბევრი ასეთი შემთხვევა გვექნება, ეს უკვე საყურადღებოა და ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგრძლივი იმუნიტეტი არ მუშავდება და მალევეა შესაძლებელი დაინფიცირება.

„ზოგადად, ყველა ვირუსულ ინფექციას ახასიათებს მუტაცია. ამიტომ არის რისკები, რომ თავიდან არსებული შტამის გადატანის შემდეგ არასრული იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს, რომელიც მუტაციის შემდეგ წარმოქმნილ შტამისგან სრულ დაცვას ვერ განაპირობებს. ამიტომ ესეც შესწავლის ეტაპზეა", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტის რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების განმეორებითი ინფიცირება გარკვეულწილად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ორგანიზმს მაინც აქვს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ დაავადებისთვის, ბრძოლისთვის ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

„რეინფიცირების შემთხვევის დროს დაავადება იყო თითქმის უსიმპტომო. ჩვენ ვიცით, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი იმუნიტეტის ხანგრძლივობა, მისი ხარისხი. შესაძლებელია მოხდეს, რომ არ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ერთეულ შემთხვევებში და ამ ეტაპზე ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია", - ამბობს ეზუგბაია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 23 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების გარდა ყველგან შემცირდა.

„გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ის 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 39 000 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 4 %-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა," - აცხადებს ჯანმო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×