
ამ დრომდე მძიმეა შატილის გზაზე ავარიაში მოყოლილი 23 წლის ხატია დევსურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც
დასთან, 25 წლის მედეასთან (მეასთან) და მედეას უახლოეს მეგობართან,მაკო კუდარავასთან ერთად იყო შატილში წასული. მედეა და მაკო ადგილზე დაიღუპნენ.
როგორც ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, დები დევსურაშვილები მისი მეზობლები არიან: "ეს გოგონები ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ძალიან განათლებული და კარგი ბავშვები იყვნენ.
საშინელება ტრიალებს ჩვენს სადარბაზოში. ჰყავთ კიდევ ნაბოლარა და, 11 წლის. საუკეთესო გოგონები აღზარდეს მშობლებმა, მართლა ძალიან კარგი ბავშვები. მოწესრიგებულები. ხატიას და მედეას ლოგინად ჩაწოლილი ბებია ჰყავთ და ავადმყოფ ბებიას უვლიდნენ. ინტერნეტში მოუძებნიათ ეს ტური და წასულან, მათთან ერთად მიდიოდა მედეას უახლოესი მეგობარი, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს. წინა დღეს უყიდიათ პროდუქტები და ძალიან გახარებულები ყოფილან. დედას ლობიანები დაუცხვია. მამამ წაიყვანა და ჩასვა მიკროავტობუსში. დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო... ხატია საბედნიეროდ ცოცხალია და ახლა ყველა იმას ვნატრობთ, რომ გადარჩეს. განადგურებული დედა ყველას სთხოვს ლოცვით დამეხმარეთ, რომ ჩემი ხატია მაინც გადამირჩესო“.