
ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო ტალღის პარალელურად, მოქმედი ხელისუფლება მაშსტაბურ რეპრესიებს იწყებს. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით, დახურულია ყველა ის ქარხანა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად გაფიცული იყო; დაიწყო გაფიცვების ყველაზე აქტიურ მონაწილეთა სასამართლო პროცესები; ორშაბათს კი ლუკაშენკომ პირადად დაავალა განათლების მინისტრს, რომ „მიხედონ" იმ სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ოპოზიციას თანაუგრძნობენ.
ორშაბათს დააკავეს ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი. პარალელურად ბელარუსის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, რომ საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, იურისტი ლილია ვლასოვა 24 აგვისტოს დასაკითხად გამოიძახეს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში.
საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ ვოლჰა კოვალკოვა , რომელიც ტიხანოვსკაია მაღალი რანგის მრჩეველია და გაფიცვების ორგანიზატორი სერგეი დილეუსკი 24 აგვისტოს დააკავეს და ბრალად დასდეს უკანონო საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მცდელობა მინსკის სატრაქტორო ქარხანაში.
კოვალკოვას თანაგუნდელმა, ძიანის სადოუსკიმ „რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული და სავარაუდოდ ჯარიმას დააკისრებენ.
30 წლის დილეუსკი ამავე ქარხნის მუშაა. დილეუსკი ქარხანაში მუშებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა დაცხადებდა, რომ პირადად ნახა დაშავებული დემონსტრანტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საპატიმროში აწამეს.
ეს დაკავებები მოხდა მეორე დღეს მას მერე, რაც ასი ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა მინსკის ქუჩებში 23 აგვისტოს. ამის პარალელურად, ლუკაშენკომ არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ არმიამ შეიძლება დემონსტრაციების დარბევაში მიიღოს მონაწილეობა.
გაფიცული არიან ქარხანს „ბელარუსკალის" მუშები. დაპატიმრებულია მათი საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი ბოკანი. 24 აგვისტოდან ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, რომ ყველა ქარხანა დაიკეტოს, რომლის მუშებიც გაიფიცნენ.
„თუ ვინმეს მუშაობა არ სურს, გუბერნატორებმა და აღმასრულებელი კომიტეტების თავმჯდომარეებმა არ უნდა აიძულონ," - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ქვეყანაში უკვე დაიწყო ქარხნებში გაფიცვების ორგანიზატორთა სასამართლო პროცესები. ბელარუსის მსხვილი ქარხნების უმრავლესობა გაფიცულია.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ ოპოზიციის მხარეს გადასული მასწავლებლების დასჯის ბრძანება გასცა. მან მოითხოვა, რომ განათლების სამინისტრომ დაიცვას ის მასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფო იდეოლოგიას იცავენ „შეტევებისგან" და მკაცრად აღკვეთონ მათზე ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილი კოლეგების მხრიდან.
„ახალი სასწავლო წელი უნდა დაიწყოს აქტიურად, რამდენიც არ უნდა დაჯდეს ეს", - განაცხადა ლუკაშენკომ განათლების მინისტრ იგორ კარენკოსთან შეხვედრის შემდეგ.
ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ მხოლოდ ის მასწავლებელი იმუშავებენ საჯარო სკოლებში, რომლებიც სახელმწიფო იდეოლოგიის პრინციპებს ემხრობიან.
„თუ მათ სურს, რომ მიჰყვნენ და დაიცვან ესპრინციპები, მაშინ კეთილი იყოს მათი მობრძანება. მობრძანდით, ასწავლეთ, ისწავლეთ და იმუშავეთ. ვისაც არ სურს, მაშინ მისი ადგილი სკოლაში არ არის. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, გულწრფელად და ღიად", - თქვა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, „თუ ვინმე სხვა ბანაკში გადავა", ყველას შესაბამისად მოექცევიან.
ყოველივე ამასთან ერთად, ინციდენტი მოხდა ბელარუსის და ლიეტუვას საჰაერო სივრცეში. ბელარუსის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოლეგ ორლოვმა თქვა, რომ ლიეტუვის მიერ გაშვებული ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლოების მქონე საჰაერო ბურთები საფრთხეს უქმნიდა ფრენის უსაფრთხოებას.
„ეს ერთი შეხედვით უწყინარი ბურთები საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, მათ შორის სამოქალაქო თვითმფრინავებს. არავინ იცის, რა სახის შემადგენლობა აქვთ ამ ბურთებს. ეს შეიძლება იყოს ასაფეთქებელი ნივთიერებები, შხამიანი ნივთიერებები და ა.შ.", - ამბობს ორლოვი.
მისი თქმით, ბელარუსის მფრინავების მოქმედებები ლიეტუვასთან საზღვარზე მომხდარ ინციდენტში აბსოლუტურად შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას.
„ჩვენი მფრინავები მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ეს აღირიცხება ობიექტური კონტროლის მასალებით. ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი არ დაგვირღვევია", - თქვა პოლკოვნიკმა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აგვისტოს ქვეყნის სამხედრო საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ოშმიანსკის რეგიონის ვოლკოვშჩინას დასახლებაში ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან პროვოკაცია აღკვეთეს.
„მი-24" ტიპის ვერტმფრენების ეკიპაჟის ქმედებების შედეგად, საჰარეო ბურთების გადაადგილება, ცეცხლის გახსნის გარეშე აღიკვეთა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში გადაიგზავნა მომხდარის ამსახველი მასალები, რომელთა საფუძველზეც ლიეტუვის მხარისთვის წარსადგენი საპროტესტო ნოტა მომზადდება.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსული „მი-24" ტიპის ვერტმფრენი შემოიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში. მომხდართან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი ვალერი ბარანოვსკი დაიბარეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას გადაეცა პროტესტის ნოტა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო.
ცნობისათვის, ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი და ოპოზიციის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია სწორედ ლიეტუვაში იმყოფება.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების და საპროტესტო საპროტესტო აქციების შედეგად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, ბელარუსული რუბლი ევროსთან შედარებით რეკორდულად დაეცა.
ამ ყველაფრის ფონზე, ლუკაშენკოზე დასავლური სამყაროს მხრიდან არნახული ზეწოლა ხორციელდება. ევროსაბჭო ხელახალ არჩევნებს ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ „ლუკაშენკო საფრთხეს წარმოადგენს ბელარუსი ხალხისთვის".
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარდა, რომელშიც ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ქვეყანაში პროტესტი იმავე საღამოს დაიწყო მოსახლეობა ამბობს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა. ლუკაშენკომ აქცები დაარბია, დაშავდნენ და გარდაიცვალნენ დემონსტრანტები. ათასობით დემპონსტრანტი დააპატიმრეს.