რეზონანსი
22.08.2020

გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა, - ამის შესახებ განცხადებას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მას გამოძიებამ წარმოუდგინა, ისევ არასრული იყო.

„დღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო. გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა. საქმეს ემატება ტომები, უფრო მოცულობითი გახდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კუთხით წავა ყველაფერი და გამოჩნდება ის მთავარი, რასაც ქვია თამუნას გარდაცვალების მიზეზი, ან ის ჯგუფი, რომელმაც ეს ჩაიდინა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს „ჰიუნდაის" წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა და უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„გავაკეთეთ კონკრეტული შუამდგომლობები, კიდევ მრავალი დარღვევა გამოჩნდა, მრავალი იგნორირება. საუბარი მაქვს რუსთავის და ქვემო ქართლის პოლიციელების გულგრილობაზე საქმესთან მიმართებაში. ვინც დაიკითხება ამას არ გავასაჯაროებ. ჩემი მოთხოვნით ხვალ კონკრეტული რიცხვების ჩანაწერების ჩვენებაც მოხდება. „ჰიუნდაის" წარმომადგენლებთან შეხვედრა ეხებოდა თამარის ავტომობილს. უახლოეს დღეებში მოხდება სათაო ოფისთან კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ავტომობილთან დაკავშირებით," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×