თამთა ჩაჩანიძე
21.08.2020

ბელორუსში პროტესტი და მასობრივი გაფიცვები გრძელდება, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტში ოპოზიციის იმ წევრების გამოძახება დაიწყეს, რომლებაც აქტივისტებთან ერთად საკოორდინაციო საბჭო შექმნეს.

მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე წვიმის და უამინდობის მიუხედავად, მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მაინც აქტიურად მიმდინარეობს, ისინი ცესკოს გადაწყვეტილებას თეთრ-წითელი ისტორიული დროშებით 24 საათის განმავლობაში მშვიდობიანად აპროტესტებენ. ღამეებს კი ცეკვა-სიმღერით ატარებენ.

როგორც „ნეხტას" ტელეგრამ არხი იტყობინება, მომიტინგეები ამბობენ, რომ აქციებზე პროვოკატორები გამოჩნდნენ, ტელეარხი სამხედროებს იმ სპონტანური აქციების მოწყობაში ადანაშაულებს, რომლებიც ლუკაშენკოს მხარდასაჭერად იმართება.

ოპოზიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საბანკო ტერმინალებიდან თანხა დოლარში აიღონ, ხოლო ალკოჰოლისა და თამბაქოს ყიდვისგან თავი შეიკავონ, რადგან აქციზის გადასახადით, ბიუჯეტში დიდი თანხა შედის. მეწარმეებს კი მოუწოდებენ, რომ თუ ისინი გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ამ ფულით ხელისუფლება ხელფასს იმ ძალოვან სტრუქტურებს გადაუხდის, რომლებიც ლუკაშენკოს გვერდით დგანან.

საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მომიტინგეებსა და სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებს ვიდეომიმართვით გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდა, იგი 11 აგვისტოდან ლიეტუვაში იმყოფება და აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა გარემო მისთვის უსაფრთხო იქნება.

ალექსანდრ ლუკაშენკომ კი თავის მხრივ სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთნ შეხვედრა გამართა, შემდეგ კი ძერჟინსკის სახელობის აგროკომბინატის თანამშრომლებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ სანამ ის ქვეყანაში პრეზიდენტი იქნება, ქვეყნის სტაბილიზაციისთვის მკაცრ შიდა პოლიტიკას გაატარებს - ამის შესახებ სააგენტო „ბელტა" იუწყება.

ამასთან როგორც „სპუტნიკ ბელორუსი" წერს, ლუკაშენკო პროტესტის ორგანიზებაში აშშ-ის ადანაშაულებს რაშიც მისი თქმით ევროპაც ეხმარება.

"ისინი ქმნიდნენ ამ არეულობას. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რუსეთის წინააღმდეგ გამოვეყენებინეთ, როგორც ახლა ჩანს. მათ სურთ ბალტია-შავი ზღვის დერეფანი ჩამოაყალიბონ-ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ჩვენ და უკრაინა" - განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა აგროკომბინატში ვიზიტისას ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში ვითარება კატასტროფული არ არის და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლებზე დაზიანებების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტროსელმა განაცხადა, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, მშვიდობიანი დემონსტრაციებიდან დაკავებული 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება, რომელთაგან 60-ს ბრალად ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები ედება, რომელმაც შესაძლოა მძიმე სასჯელი გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×