რეზონანსი
21.08.2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

ირმა ჭკადუას თქმით, რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

ადვოკატის განმარტებით, "ბრალის დამძიმების" შესახებ ინფორმაცია მორიგი სპეკულაცია, რომელიც სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება.

„ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

დღეს მედიასაშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც გვსურს მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი ბასილაშვილის წინააღმდეგ "ბრალის დამძიმების" შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია, რას გულისხმობენ ბრალის დამძიმებაში ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს", - აღნიშნავს ჭკადუა.

ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში დღეს განაცხადეს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×