"რუსეთმა არ გაიმეოროს სირიის მოვლენები, რაც გამოიწვევს სისხლის ღვრას და სამოქალაქო ომს"
მარიამ ნებულიშვილი
20.08.2020

ბელარუსში პროტესტის ტალღა არ ნელდება, ლუკაშენკო კი მასობრივი პროტესტის მიუხედავად დათმობებზე არ მიდის და 19 აგვისტოს მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრიც კი დაამტკიცა. როგორც ჩანს, რუსეთის იმედად მყოფ ლუკაშენკოს, დასავლეთის და საკუთარი ხალხის არ ეშინია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წნეხი დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. დასავლეთი ალაპარაკდა სანქციებზეც.

19 აგვისტოს ევროსაბჭომ განაცხადა, რომ არ აღიარებს ბელარუსის არჩევნებს და უახლოს მომავალში ლუკაშენკოს სანქციებსაც დაუწესებს.

„ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლე პერიოდში სანქციებს დაუწესებს ," - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ლუკაშენკოს საქციელი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ის ცდილობს დრო გაწელოს, რათა პროტესტის დალღა მინელდეს.

„ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ვითარებაშია აღმოჩენილი ლუკაშენკო საერთაშორისო წნეხის გამო, რომელსაც მისი რეჟიმი განიცდის. ახლა უბრალოდ შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის ცდილობს დროის გაწელვას სანამ ეს ოპოზიციური ძალები კონსოლიდაციას შეძლებენ და სანამ უფრო გამოიკვეთება თუ რისი გაკეთება უნდა ოპოზიციას.

„გაცხადა კიდეც, რომ ინაუგურაციისთვის ემზადება, ცდილობს, რომ ამისთვის შეამზადოს საზოგადოებრივი აზრი და მათ შორის საერთაშორისო თანამეგრობრობა, რომ ის მიჰყვება არჩევნების შედეგებს.

"თუმცა, ასევე, მან იცის, რომ ეს ძალიან სახიფათოა და სწორედ ამიტომ გამოაცხადეს, რომ ორი თვის განმავლობაში იქნება ინაუგურაციის პროცესი. ეს მიუთითებს, რომ ლუკაშენკო ბოლომდე არ არის დარწმუნებული თუ როგორ ჩაივლის ეს პროცესი და აქედან გამომდინარე ალბათ უფრო მოლოდინის რეჟიმშია. ფაქტი არის, რომ ლუკაშენკოს დრო წასულია, საათი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„მას ალბათ დასჭირდება ძალიან სერიოზული ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან, რომ რეალურად მიხვდეს, რომ მისი დრო წასულია. თუმცა, ჯერ აქამდე არ არის მისული და მაინც იმედი აქვს რუსეთის ხელისუფლების და კიდევ სხვა მეგობრების ქვეყნის შიგნით", - თქვა კაკაჩიამ.

ექსპერტები ასევე საუბრობენ ოპოზიციის ლიდერების კონსოლიდირებულად მოქმედების აუცილებლობაზე. ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვკაიამ რამდნეიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის მზად არის იმოქმედოს, როგორც ეროვნულმა ლიდერმა.

„ჯერჯერობით პრობლემა ისაა, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. მაგრამ ამ ეტაპზე შიეძლება ეს არც არის აუცილებელი. იმ ლიდერებს, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოში აირჩიეს, ჰქონდეთ რაღაც ერთაინი ხმა და არ გაიყოს აზრები. რასაც ბუნებრივია გამოიყენებს ხელისუფლება.

"მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთიანი, მტკიცე და არ უნდა იყოს არეულობა, რადგან ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება მათი რეპუტაციისთვის. განსაკუთრებით საზოგადოებაში. ამიტომ მათ ფეხი უნდა აუწყო, მიჰყვნენ საზოგადოების კურსს. მეორე ეტაპზე, როდესაც გამარჯვებისკენ გადაიხრება საქმე, შეიძლება დადგეს საკითხი ვინ იქნება ლიდერი, ვინ იყრის კენჭს. ეს ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამ მომენტში მთავარია, იყოს კონსოლიდაცია", - ამბობს კაკაჩია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. ამას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

„ბრავო! ახლა მინსკს აქვს უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დასავლეთი ბელარუსის შიდა საქმეებში ერევა,"- წერს ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში".

კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბელარუსი რევოლუციამდე არ მივიდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ლიდერები და სახელმწიფოები იზოლაციაში აქცევენ ლუკაშენკოს და მის რეჟიმს. ამის გარდა ისინი დიალოგის ფორმატში იმყოფებიან რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან იციან, რომ ერთადერთი საყრდენი, რაც ლუკაშენკოს დღეს დარჩა არის რუსეთი.

„დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც მაგალითად სირიაში იყო, როდესაც მხარი დაუჭირა ასადის რეჟიმს. ეს გამოიწვევს აუცილებლად სისხლის ღვრას და სამოქალაქო ომს, რამაც შეიძლება გააჩანაგოს ქვეყანა. ეს სცენარი დასავლეთს არ აწყობს და იმედია, რომ დასავლეთის ხელისუფლებები შეძლებენ რუსეთის ხელისფულების დარწმუნებას იმაში, რომ მის ინტერესში არ არის არასტაბილური, პოლარიზებული და დასუსტებული ბელარუსი. საბოლოო სიტყვა ბელარუსმა ხალხმა უნდა თქვას.

„რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსში არ მოხდეს რევოლუცია, როგორც მაიდანი იყო უკრაინაში, რადგან ამას შეიძლება რეციდივი ჰქონდეს თავად რუსეთში. იქაც მსგავსი რეჟიმია, აქ ბევრი პარალელია. რუსეთისთვის მნისვნელოვანია, რომ ბელარუსი არ გავიდეს ამ სამეკავშირეო ხელშეკრულებიდან", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებს მოჰყვა. მოსახლეობა ლუკაშენკოს ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეალურად გაერტიანებული ოპოზიციის კანიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა.

ბელარუსის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა აქციები, ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია ორი ადამიანი, რამდენიმე ათასი მოქალაქე კი დაიჭირეს ან დაჭრეს. ბელარუსში შეზღუდულად მუშაობს ინტერნეტი და მედია. ტიხანოვსკაია წნეხის გამო ლიეტუვაში იმყოფება.

ლუკაშენკომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა დასავლეთი კი მის მმართველობას სანქციებით ემუქრება. 18 აგვისტოს სატელეფონო საუბარიი ჰქონდათ ანგელა მერკელს და ვლადიმერ პუტინს. ორი ქვეყნის ლიდერმა ბელარუსში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×