
სკანდალური მიმოწერა და ახალი მტკიცებულება გიორგი შაქარაშვილის საქმეში. "მთავარ არხს" ხელში ჩაუვარდა ტელეფონი, რომლითაც შაქარაშვლის საქმის "ოქროს მოწმე" და ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის უახლოესი მეგობარი, გური ამირხანაშვილი სარგებლობდა. წყარო "მთავარს" უყვება, რომ ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან
კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა.
ესემეს მიმოწერიდან ვიგებთ, რომ ამირხანაშვის მათთვის არ უნდა დაერეკა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაეგზავნა.
"მთავარმა არხმა" ნომრები გადაამოწმა და ეს ნომერი დღემდე გაფორმებულია და ეკუთვნის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას. თუმცა ჩვენ წყარო არ გვეუბნება, რომელ სამსახურსა და რომელ უწყებას ეკუთვნის ეს ორი ნომერი, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ბოლო 2 რიცხვით განსხვავდება.
რაც შეეხება მიმოწერას, ამირხანაშვილი ყველა იმ დეტალს ეუბნება, რომელიც ბოლო პერიოდში შაქარაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ესემეს მიმოწერა 10 აგვისტოდან იწყება. ესემესების ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა საპასუხოდ "ოქროს მოწმე" იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.
ამირხანაშვილი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს და წერს, რომ საკმაო სტრესშია და ვეღარ გაიგო რა ილაპარაკოს და ამბობს, რომ მოძღვართან უნდა საუბარი.