
მინსკში პროტესტი არ ცხრება, თავად პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქციების ორგანიზებაში დასავლეთს ადანაშაულებს, თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან რუსეთიც იდგეს, რადგან პუტინს ლუკაშენკო უკვე ყელში ამოუვიდა.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტები შეინიშნება. გავრცელებული ცნობებით კი თავად ლუკაშენკომ პუტინს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, გერმანიის კანცლერისთვის გადაეცა, რომ ბელორუსის საქმეებში არ ჩაერიოს.
მსგავსი ბრალდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გაჟღერა, იგი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ „გაიხსენონ, თუ როგორ დასრულდა მათი შუამავლობა 2014 წელს უკრაინაში."
დასავლეთის პოზიცია კი ასეთია, რომ ბელარუსს აქვს სუვერენული უფლება, საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მინსკში საპროტესტო ტალღა თავად ბელორუსი ხალხის ინიციატივაა და არც რუსეთიდანაა მართული და არც დასავლეთიდან.
„ამ აქციების ძირითადი ბირთვი არც მოსკოვთანაა დაკავშირებული და რასაკვირველია არც დასავლეთთან, ესაა თვითონ ბელორუსი ხალხის ინიციატივა. იმიტომ კი არა, რომ ლუკაშენკო ცუდი პრეზიდენტია, არამედ იმიტომ, რომ ბელორუსი ტერიტორიულად ევროპასთან ძალიან ახლოსაა, აქ ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომლებიც ცხოვრების ნახევარს მიმდებარე ევროპულ ქვეყნებში ატარებენ, ეს იქნება ლიტვა, პოლონეთი თუ სხვა. და ძალიან კარგად იციან აქ ცხოვრების წესი როგორიცაა და ბუნებრივია, უნდათ, რომ თავიანთ ქვეყანაში იგივე გადმოიღონ. თორემ ლუკაშენკომ წარმოება, სტაბილურობა თუ ცხოვრების გარკვეული დონე შეინარჩუნა, ეს ფაქტია და ამას წყალი ვერ გაუვა, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ამ გაუთავებელმა ორმაგმა თამაშმა დაღუპა,
„საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, ახალი თაობის განწყობა და ლუკაშენკოს ორმაგი თამაში ის კატალიზატორი გამოდგა, რამაც ზოგადად მის მიმართ ასეთი აგრესიული განწყობა განაპირობა არა მხოლოდ თვითონ მინსკში, არამედ მოსკოვშიც და დასავლეთშიც.
„პრინციპში რუსეთს სურს, რომ ლუკაშენკო შეინარჩუნოს, ვიდრე არაპროგნოზირებადი ლიდერი მიიღოს, მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა, იქ კონფრონტაცია ისეთ ხარისხშია ასული, რომ ხალხის გაჩერება ძალიან რთულია," - განაცხადა არეშიძემ.
მინსკში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, ბელორუსმა ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ სცნო. სადაც მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იყვნენ, ბელარუსის ცესკოს თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ხოლო ტიხანოვსკაიამ - 10%. არჩევნების შედეგები არ სცნო დასავლეთის ქვეყნებმაც.
სამშაბათს ლიეტუვას სეიმმა საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამის პარალელურად კი ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან რუსეთისა და ბელარუსის არმიის ნაწილების ერთობლივი წვრთნა დაიწყო.
ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არც ევროკავშირი არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადებაევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სანქიცები დაუწესდებათ ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყლაბებაზე პასუხიმგებელ პირებს.
აქციებზე ხალხს ლუკაშენკოს დაქვემდებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურები ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით სასტიკად უსწორდებიან, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაშავდა, გავრცელად ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დარბევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ბელარუსის მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეებს თეთრ-წითელი დროშები აქვთ, რომელიც 1991-1995 წლებში ბელარუსის სახელწმიფო დროშა იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გროდნო გახდა ბელარუსის პირველი დიდი ქალაქი, რომლის ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები შეასრულა, როგორც ლუკაშენკო ამბობს, ეს მისთვის მიუღებელია და მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი.