
ჩვენ არ ვფიქრობთ კოალიციურ მმართველობაზე. კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების რეიტინგი 2-3-ჯერ აღემატება მეორე-მესამე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგს. ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი იმაზე მეტია, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კარგად იციან, როგორია საზოგადოების განწყობები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს, რაც ასახული იქნება საარჩევნო პროგრამაში და რომლითაც მმართველ გუნდი ძალიან მალე წარდგება საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ აუცილებლად შევქმნით დამოუკიდებლად უმრავლესობას, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ქვეყანას განვავითარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება მოცემული. ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რომელიც არის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ძალიან მალე წარვდგებით საზოგადოების წინაშე. ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენ იმ სოციალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, როგორ განვავითარებთ ეკონომიკას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ჩვენ ძალიან მყარად ვართ ჩვენს ძალებში დარწმუნებული და საზოგადოების მხრიდან ჩვენ მხარდაჭერაში. კოალიციის შექმნა „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება. იგი არჩევნების დასრულების შემდეგ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის პროგრამა, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, განვახორციელოთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.