
2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებამ მხოლოდ, 0.3% შეადგინა. ეს მაშინ, როცა არც პანდემია და არც სხვა გლობალური პროცესები ეკონომიკას არ ამუხრუჭებდა. როგორი იქნება 2020 საინვესტიციო კუთხით ეკონომიკური რეცესიის და ანაკლიის ინვესტორების მიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეტანილი საჩივრის ფონზე, რა პერსპექტივები და ხელისშემშლელი ფაქტორების სახეზე "რეზონანსმა" სპეციალისტებს კითხა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს.
კომპონენტების მიხედვით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით შემცირებულია სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების წილები, შესაბამისად 148.8 მლნ აშშ დოლარით და 47.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო გაზრდილია რეინვესტიცია 200.5 მლნ აშშ დოლარით. 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა.
2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.
ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის პროგნოზით, წელს ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდება.
"დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე კონკრეტულ მონაცემს. მონაცემებზე მეტად, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიცია სად იდება და ქვეყანაში რა დამატებით ღირებულებას ქმნის. ის, რომ უძრავი ქონება ერთი ადამიანის ხელში იყო, გაიყიდა და სხვა ადამიანის მფლობელობაში აღმოჩნდა, ამას ეკონომიკისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. შესაბამისად, უცხოურ ინვესტიციებზე აქცენტის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია.
რადგანაც სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა სერიოზულადაა დამოკიდებული უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, შესაბამისად, მიმდინარე წელს, რა თქმა უნდა, ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდება და ლარი კურსზე მოახდენს ცუდ ზეგავლენას.
იმ ზღაპრების არ მჯერა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და ქვეყანაში ინვესტიციების ბუმი იქნება და ა.შ. მითუმეტეს, ამ პორტის მომგებიანობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. არავის არ აქვს არანაირი საბუთი, რომ ეს პორტი აუცილებლად მომგებიანი და წარმატებული იქნებოდა. შესაბამისად, ჩემი აზრით, გადაჭარბებული იყო მოლოდინები, როცა ეს პროექტი შეიქმნა. ახლაც რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არსებობს. როცა ანაკლიის პორტი აშენდება ვინმეს თუ გონია, რომ ინვესტიციების ბუმი იქნება საქართველოში, ძალიან ცდება.
საინვესტიციო გარემო, მისი პროდუქტით და ერთი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტით არ განისაზღვრება. საინვესტიციო გარემოს სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად, საინვესტიციო გარემოზე, მუშა ხელის კვალიფიკაცია ახდენს გავლენას, რომელიც ჩვენთან ძალიან დაბალია და მის ამაღლებაზე არც ზრუნავენ.
ინვესტიცია და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება მაშინ არის კარგი თუ მცირე მეწარმეებს შემოქავთ. მაგალითად: აზერბაიჯანს, სომხეთს ან თუნდაც, თურქეთს. ერთი კონკრეტული პროექტი, რომ განხორციელდეს და მასში თუნდაც 100 მილიონი ჩაიდოს, არ ნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო ზეგავლენას მოახდენს. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც მსხვილმა ბიზმესმენმა მთავრობის წარმომადგენლებთან მიაღწია შეთანმხმებას და ამის გამო ჩადებენ ფულს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება სწორედ ის იქნება, როდესაც ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეები შემოვლენ, უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.
ინვესტიციებს, როგორ წესი, საარჩევნო წელიც აფერხებს. თანხის ჩადება იქ, სადაც გაურკვეველია ვის ხელში იქნება ძალაუფლება, როგორ წესი, ბიზნესმენებს არ სურთ ხოლმე. მით უფრო ისეთ პოლარიზირებულ გარემოში, როგორიც დღეს საქართველოშია. ალბათ, ეს იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი, კოვიდის გარდა.
ანალიტიკოსი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი საინვესტიციო პოტენციალი არ გააჩნია, რადგან პატარა ქვეყანა ვართ.
"კორონავირუსის გამო, მთელი პლანეტის დაპაუზება მოხდა. უცნაურია არაფერია, თუ ჩვენთანაც ინვესტიციები შემცირდა. ჩვენი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ ხოლმე, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი. უცხოური პირდაპირი ინვესტიციის გარდა, არსებობს სხვა სახის ინვესტიციებიც. პირველ რიგში, შიდა ინვესტიციები. შემდეგ, არა პირდაპირი უცხოური არამედ, უცხოური მაგრამ, პაკეტური ინვესტიციები. ამ სამი ვარიანტიდან, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები არის ყველაზე ცუდი ინვესტიციები, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოდის უცხოელი ინვესტორი და 100%-ით ყიდულობს რაიმეს. ანუ, ხდება 100%-იანი მესაკუთრე. ეს ნიშნავს, იმას, რომ 100%-იანი წილის პატრონს, მთელი თავისი დივიდენტი ქვეყნიდან გააქვს. თუ 5-წლიან ჭრილში გადავთვლით, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში ინვესტორი უფრო მეტ ფულ გაიტანს ვიდრე, პირველ წელს შემოიტანა. სიმადვილეში, არ გვჭირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები.
კარგმა, გონიერმა და მაკრო ეკონომიკურად გავნბითარებულმა ხელისუფლებამ, უნდა აიღოს ორიენტირი არა პირდაპი უცხოურ ინვესტიციებზე არამედ, პაკეტურ ინვესტიციებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა კი არ ყიდის მაგალითად, მიწას არამედ, ამას აკეთებს ქართული კომპანია, რომელიც საქმეს დაიწეყბს, შემდეგ აქციებს გამოუშვებს და მას გაყიდის. თანაც, პაკეტური ინვესტიციისას არ არის აუცილებელი, რომ უცხოელმა იყიდოს. რატომ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენები მხოლოდ უცხოელები და არა ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ, კარგი საინვესტიციო პოტენციალი საერთოდ არ გვაქვს, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. საქართველო პატარაა ქვეყანაა და არ არის დიდი საინვესტიციო პოტენციალი. ამიტომ, განთავსებაც ძნელია, ჭირს. ჩვენ ძირითადად აქცენტი უნდა ავიღოთ შიდა ინვესტიციებზე. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გამოვნახოთ გზები, რომ შიდა ინვესტიციები გავაფართოვოთ. Aმის ბერკეტები მთავრობას აქვს და უნდა გააკეთოს. ამ წელმა განსაკუთრებით უნდა გვასწავლოს ჭკუა. ქვეყნის სიმდიდრე ის კი არაა რამდენი ინვესტიცია შემოვა არამედ, ის თუ ყველა ოჯახში რამდენი ფული შევა. ჟერ მოქალაქე უნდა გამდიდრეს და შემდეგ ბიუჯეტი", უთხრა "რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.