
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება თბილისში სამ დიდ ბაზრობაზე – ლილოს, ელიავასა და დინამოს ბაზრობებზე ჩატარდა.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
„კვლევები ჩატარდა თბილისში სამ დიდ ბაზრობაზე. ყველაზე დიდი გახლდათ ლილოს ბაზრობა, სადაც თუარ ვცდები, 4 700-მდე ადგილობრივი დასაქმებული იქნა გამოკვლეული, ასევე ჩატარდა კვლევა ელიავას ბაზრობაზე, სადაც 500, ხოლო დინამოს ბაზრობაზეც გამოკვლეული იქნა 500 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. არც დინამოს ბაზრობაზე და არც ელიავაზე დადებითი შემთხვევა არ გვქონია. ლილოს ბაზრობაზე თავიდან იყო ოთხი შემთხვევა, შემდეგ დაემატა ორი ინფიცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.