
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.
როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორით დაკითხონ და ამგვარად დაამტკიცოს მისი სიმართლე.
„შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობა საქმის „შეკერვაში". მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.