რეზონანსი
17.08.2020

"არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, "ქართულ ოცნებას", მგონი, აქამდე არც ჰქონია", - ამის შესახებ განცხადებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აკეთებს.

მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც გამოაჩინა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.

"ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.

დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. ადრე მმართველი ძალის რიგებში არც ასეთი ფიგურები ჩანდნენ. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ", - განაცხადა საყვარელიძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×