თუკი 2-3 თვეში კორონავირუსის ახალი შემოტევა დაიწყო, კრახი გარდაუვალი იქნება
ირაკლი ლომიძე
17.08.2020

ეკონომიკა, განსაკუთრებით - ბიზნესსექტორი, კორონავირუსის მეორე ტალღას ვერ გაუძლებს. ეპიდემიოლოგები ბოლო დროს თამამად ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, საქართველოს ეპიდემია ახალი ძალით შემოუბრუნდეს. როგორი იქნება მეორე დარტყმა, ჯერ საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. როგორც სამედიცინო, ასევე ეკონომიკურ წრეებში თამამად საუბრობენ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება, ამ პროცესს მოჰყვეს. თუკი მაინცდამაინც ეს სავალალო მოცემულობა დადგება, გლობალური ეკონომიკა, მათ შორის, საქართველოც, აუნაზღაურებელ ზარალს მიიღებს.

2020 წელს საგარეო ვალის მოცულობა 7,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, საქართველოს კონსტიტუციითა და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულია, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე 58%-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საგარეო ვალმა 20 მლრდ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლომდე კი 22 მლრდ-მდე მოიმატებს. პანდემიამ უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა, ხოლო 2020 წლის ეკონომიკური ვარდნის  პროგნოზი 5%-ია, რაც, მეორე ტალღის შემთხვევაში, საგრძნობლად გაუარესდება. მით უმეტეს, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ქვეყანა კვლავ ვერ მიიღებს.

ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში  შესაძლოა, მიმდინარე წელი საქართველომ ეკონომიკური ვარდნის ორნიშნა უარყოფითი ნიშნით დაასრულოს. როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

,,ბიზნესი დღეს გამოცოცხლების პროცესს ელოდება, მაგრამ თუკი პანდემიის მეორე ტალღა იქნება, ჩვენ სტაგნაციას მივიღებთ, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. ყველგან მძიმე შედეგს მივიღებთ. ბიზნესსუბიექტებს მოკლევადიან პერიოდში დაპაუზება შეუძლიათ, მაგრამ როცა კრიზისი ხანგრძლივად გრძელდება, ისინი ტოვებენ საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ბიზნესი დაიხურება არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა მიმართულებით, მათ შორის - სამეწარმეო საქმიანობაში. რისკი ყველას შეექმნება, მათ შორის - სამშენებლო სექტორს, იმ დარგებს, რომლებიც ირიბად ტურიზმის სფეროსთან მიბმულია. თუკი ამ გარდაუვალი რეალობის წინაშე დავდგებით, ჩვენ ეკონომიკური ვარდნა გვექნება ორნიშნა უარყოფითი ნიშნით წლის ბოლოსთვის. პრაქტიკულად, მომავალ წელსაც ეკონომიკას ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა და დასძინა, რომ პრობლემა განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში შეიქმნება.

,,საქართველოზე საბოლოოდ საერთაშორისო ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით - ექსპორტზე, რადგან თუკი გლობალურ დონეზე გაჩნდა პრობლემა, მცირე ქვეყნებსაც ჩაითრევს. სიღრმისეულ კრიზისში ვართ ახლაც, არ ჩანს ფსკერი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ურთულესია. იმპორტიც და ექსპორტიც გაუარესდა და ამ მხრივ ბიზნესმა დიდი ზარალი იწვნია", - დასძინა ეკონომისტმა.

კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში ეკონომიკაში მდგომარეობის რადიკალურად გაუარესებას ვარაუდობს ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი სოსო სიმონიშვილი. ყველაზე დიდ პრობლემად იგი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მიიჩნევს და აცხადებს, რომ სანამ ეს მიმართულება არ მოწესრიგდება, ეკონომიკა მუდმივად იქნება საფრთხეში. სერიოზული პრობლემაა უმუშევრობის ზრდა, მკვეთრად გაუარესდება იმ ემიგრანტების მდგომარეობაც, რომლებიც ეპიდემიის გამო დაბრუნდნენ სამშობლოში.

,,ეპიდემიის პირველ ეტაპზეც საქართველოს ეკონომიკამ მძიმე დარტყმა განიცადა, რადგან ისედაც კრიზისულ სიტუაციაში იყო. ჩვენი ეკონომიკა არათუ არ არის თვითკმარი, ახლოსაც არ არის ამ პარამეტრთან, ხოლო იმპორტდამოკიდებულება მძიმე კრიზისულ მდგომარეობას ქმნის. გლობალურია პრობლემა, მაგრამ ყველა მიხედავს თავს, ჩვენ კი ამ ფსკერიდან ამოსვლა გაგვიჭირდება. 

პრობლემა მხოლოდ მიმოსვლის შეფერხება არ არის, არამედ ის, რომ ემიგრანტების საკმაო ნაწილი დაბრუნდა, რაც სამომავლოდ ტრანზაქციების სერიოზულ შემცირებას გამოიწვევს, მით უმეტეს, შემოდგომაზე, როცა მეორე ტალღის აგორებას ვარაუდობენ. სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნებულებმა სამუშაო ვერ იშოვეს და მთელი ქვეყანა საბოლოოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

საერთოდ კი, მეორე ტალღის გარეშეც კრახი გარდაუვალია. ეკონომიკის წარმატება-წარუმატებლობა თანამედროვე მსოფლიოში 60-70%-ით დამოკიდებულია სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან რეალურ სექტორზე არ არის ორიენტირებული. კრიზისიდან გამოსვლის დროს ყველა ქვეყანა აიაფებს კრედიტებს, საქართველოში პირიქითაა, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არის სრულიად უგუნური  ქმედება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ძირს უთხრის“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა და დასძინა, რომ აუცილებელია იაფფასიანი და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა, რომ პრობლემას ეკონომიკა შედარებით მხნედ დახვდეს და კრიზისთან გამკლავება შეძლოს. 

ეპიდემიის სავარაუდო მეორე ტალღასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს. მას მიაჩნია, რომ მიღებული გამოცდილება საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკამ მორიგი დარტყმა ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს.

,,კოვიდ19-ის გამო ეკონომიკამ პირველ კვარტალსა და შემდგომ პერიოდშიც დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ემოციურმა ფაქტორმაც იმოქმედა. ახლა საზოგადოება მიეჩვია და ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არის, ამიტომაც ეპიდემიის მეორე ტალღას, თუკი მაინცდამაინც გარდაუვალი გახდა, ეკონომიკაც შედარებით მარტივად გადაიტანს, კრიზისი უფრო ზომიერად იქნება აღქმული და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასე საზოგადოებაშიც გარკვეული გამოცდილება არსებობს. 

აქედან გამომდინარე, ეკონომიკური შედეგი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო. ცხადია, უმუშევრობა მოიმატებს, მაგრამ კატასტროფულ ზრდას, როგორიც პანდემიის საწყის ეტაპზე იყო, სამომავლოდ ნამდვილად არ ველი“, - განუცხადა არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.  

საბოლოო ჯამში, არა მარტო ეკონომიკას, ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღა დიდ პრობლემას შექმნის ჯანდაცვაშიც, რაზეც სპეციალისტები მუდმივად გვაფრთხილებენ. რაც შეეხება საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ დროისთვის საფინანსო სექტორის ბუფერები კვლავ სოლიდურია. გვენეტაძის თქმით, ვირუსის მეორე ტალღას, ასეთის შემთხვევაში, საფინანსო სექტორი მომზადებული დახვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×