
იანვარ-ივლისში დიზელის საწვავის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ეკონომიკის გახსნამ, ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გააქტიურებამ ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად წაახალისა.
2020 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასიტონა, რაც 11,4 ათასი ტონით, ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ზრდა ემ ეტაპზე 23,4 ათასი ტონით, ანუ 26,9%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 608,3 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით, ანუ 4,6%-ით აღემატება ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც 581,3 ათას ტონას შეადგენს.
მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 51,1 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან - 42,3 ათასი ტონა - შედარებით 8,8 ათასი ტონით ანუ 20,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის პერიოდის მაჩვენებელთან - 56,7 ათასი ტონა - შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით).
2020 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 295,2 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 299,4 ათასი ტონა - შედარებით 4,2 ათასი ტონით, ანუ 1,4%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 313,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 281,9 ათასი ტონა - შედარებით 31,2 ათასი ტონით, ანუ 11,1%-ით).
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ლიდერ პოზიციაზე კვლავ რუსეთია. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 212,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,0%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იმპორტში აზერბაიჯანი იკავებს, საიდანაც 114,0 ათასი ტონა (18,7%) ბენზინის იმპორტი განხორციელდა. რუმინეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენენებელი 110,3 ათასი ტონაა(18,1%), თურქმენეთიდან- 55,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 9,1%-ს შეადგენს. ბულგარეთიდან იმპორტი 46,9 ათასი ტონაა (7,7%); ყაზახეთიდან 26,2 ათასი ტონა (4,3%) საწვავის იმპორტი განხორციელდა, ხოლო საბერძნეთიდან - 25,2 ათასი ტონა (4,1%), თურქეთის შემთხვევაში, ეს მონაცემი 9,6 ათასი ტონას (1,6%) შეადგენს, ავსტრიიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 2,6 ათასი ტონა (0,4%) შეადგინა; სინგაპურიდან - 2,0 ათასი ტონა (0,3%); გაერთიანებული საემიროებიდან იმპორტი 2,0 ათასი ტონით (0,3%) განისაზღვრა, ხოლო შვეიცარიის შემთხვევაში, იმპორტის მაჩვენებელია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგიდან კი იმპორტმა 0,3 ათასი ტონა (0,1%) შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 13,2%-ით არის გაზრდილი, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტზეც ადეკვატურად აისახა.
რაც შეეხება 2020 წლის ივლისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს, 1,89 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,42 ათასი ტონით, ანუ 28,6%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელთან (1,47 ათასი ტონა) შედარებით, ხოლო წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0,13 ათასი ტონით, ანუ 7,4%-ით აღემატება. 2019 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი ამ მიმართულებით 1,76 ათას ტონას შეადგენდა.
ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტში თურქეთი ლიდერობს. ამ მიმართულებით იმპორტმა 0,81 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 42,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,39 ათასი ტონა (20,6%), უკრაინა - 0,16 ათასი ტონა (8,5%); გერმანია - 0,11 ათასი ტონა (5,8%) და სხვ.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 9,44 ათასი ტონა, რაც 1,78 ათასი ტონით, ანუ 15,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (11,22 ათასი ტონა) შედარებით.
რაც შეეხება 7 თვის მონაცემს, 2020 წლის იანვარ-ივლისში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 2,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 1,48 ათასი ტონა (15,7%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (10,3%), გერმანია - 0,81 ათასი ტონა (8,6%), და სხვ.
ამდენად, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობპროდუქტების იმპორტი აღმავალ ტრენდით გამოირჩევა. დღევანდელი მოცემულობა რადიკალურად განსხვავებულია და საწვავის მოხმარება შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.