
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის“ სარესტორნო ქსელის რიგით მეთვრამეტე რესტორნის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა მიულოცა კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მენეჯმენტსა და პერსონალს ახალი რესტორნის გახსნა და აღნიშნა, რომ კომპანია მრავალი წელია, ქართულ და ამერიკულ საქმეს ერთად აკეთებს.
მისი თქმით, „მაკდონალდს საქართველო“ აშშ - ის ცნობილ ბრენდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
ნათია თურნავას განცხადებით, „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი პირველი გადაეწყო პანდემიის პირობებში ახალ უსაფრთხოების სტანდარტებზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიის საინვესტიციო გეგმები პანდემიის დროს არ იცვლება და ინვესტიცია ხორციელდება. ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური პოლიტიკის სჯერათ,“ - განაცხადა მინისტრმა.