
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს.
მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
„ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით.
ამასთანავე, რეგიონში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში 500-მდე პირი დასაქმდება.
იუსტიციის სამინისტროს სტანდარტის შესაბამისად, თანამშრომლების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის გზით და ამ პროცესში პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზეც მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 100-მდე პირი არის დასაქმებული, საიდანაც 64 არის გურიის რეგიონიდან, ხოლო ამ 64-დან 38 პირი დაბა ლაითურის მკვიდრია.
სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, როდესაც დაწესებულების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, ობიექტზე დასაქმებულთა ოდენობაც გაიზრდება და უფრო მეტ ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება დასაქმება.