რეზონანსი
15.08.2020

ჩემთვის ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, რომ ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება და ეს ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე აღნიშნულით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

ბურჯანაძის თქმით, ტექსტი შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად სხვაგვარი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად დაიცავდა საქართველოს ინტერესებს.

„არ ვიცი, რის სანაცვლოდ იქნა რაიმე ტიპის კომპრომისი დაშვებული და რას გულისხმობდა ბაქრაძე. ჩემთვის ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი რაც კეთდებოდა, იყო საქართველოს ინტერესებისათვის საზიანო, ჩემთვის ნათელია, რომ მაშინ ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, რომ ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება და ეს ძალიან სამწუხაროა. მათ შორის ვგულისხმობ რეზოლუციაზე ხელმოწერას, ტექსტი შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად სხვაგვარი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად დაიცავდა საქართველოს ინტერესებს იმ რთულ ვითარებაშიც, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა.

მე დღესაც ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ამ ომის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა და ეს შედეგები „ქართული ოცნების" რვაწლიანი მმართველობის პერიოდში ერთი ნაბიჯითაც კი არ გამოსწორებულა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×