
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე სამი დღეა გრძელდება. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ პროცენტები გააყალბა. ბელარუსის ქალაქების ქუჩებში შეკრებილ ათასობით დემონსტრანტებს ხელისუფლება მანათობელი ხმოვანი ყუმბარებით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით უსწორდება.
გრძელდება მასობრივი დაკავებებიც, ბელარუსში ორი დღის მანძილზე ოფიციალურად უკვე 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მედიის მონაცემებით კი მათი რიცხვი 6000-საც სცდება. დაკავებულთა შორის არიან ის პირები, რომლებმაც საპროტესტო აქციების დროს გარდაცვლილი დემონსტრანტის საპატივცემულოდ, მის გარდაცვალების ადგილას ყვავილები მიიტანეს.
ბელარუსში დაწყებულია დევნა ჟურნალისტების მიმართაც, ადგილობრივი პოლიცია მათ საკუთარი საქმიანობის შესრულების უფლებას არ აძლევს.
11 აგვისტოს მინსკის პოლიცია თავს დაესხა „ბიბისის" გადამღებ სამკაციან ჯგუფს. ყველა დაკავებულს ჰქონდა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცებული აკრედიტაცია, ჟურნალისტებს ეცვათ ამოსაცნობი, სიმბოლოიანი, ყვითელი ჟილეტები და ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რთულია იმის თქმა თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თუმცა, მისი თქმით, ისტორიის მანძილზე პირველად ბელარუსის საზოგადოებისგან არის დაკვეთა, რომ ლუკაშენკოს მმართველობა წარსულს ჩაბარდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის მსვლელობისთვის. კაკაჩია, ასევე დასავლეთის და საერთაშორისო საზოგადოების როლზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მათი ჩართულობა გადამწყვეტია.
„ცოტა რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება, გამომდინარე იქედან, რომ სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველია და ვერავინ ვერ იტყვის, თუ რა თეორიით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაგრამ ფაქტია ბელარუსის ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნას შთაბეჭდილება თითქოს კრიზისის პირველმა ტალღამ გადაიარა და ასე ვთქვათ, აკონტროლებს ხელისუფლებას.
„თუ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, აშკარად ჩანს, რომ განსხვავებით წინა ათწლეულებისგან, როდესაც ბელარუსის საზოგადოება მეტ-ნაკლებად მშვიდად ხვდებოდა არჩევნების გაყალბების შემთხვევებს, ახლა უკვე ამ თვალსაზრისით საკმაოდ თვალშისაცემი ცვლილებებია. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გამოდიან როგორც ახალგაზრდები, ასევე, ქალები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და საზოგადოებაში არსებობს დაკვეთა, რათა შეიცვალოს ეს რეჟიმი და შეიცვალოს მშვიდობიანად.
„თუ გავითვალისწინებთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავისებურებებს, ეს ასე მარტივი არ იქნება, ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას.
"ცნობილია, რომ რამდნიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითადი აქტორები, როგორიცაა ევროკავშირი და წამყვანი სახელმწიფოები, მათი პოზიცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. სწორედ ის, რომ ისინი უკვე საუბრობენ იმაზე უნდა დაედოს თუ არა სანქციები მინსკს, უკვე აძლიერებს ოპოზიციონერი გამომსვლელების ნარატივს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.
11 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის პრეზიდენობის ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმართვა, რომელიც ოპოზიციის საერთო კანდიდატი და ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო. ტიხანოვსკაიას მიმართვა პროსახელისუფლებო ტელეგრამარხმა გაავრცელა, სადაც ის მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მადლობას გიხდით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მივმართავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მხარს მიჭერდა მთელი ამ ხნის მანძილზე. ბელარუსებო! მოგიწოდებთ, პატივი სცეთ კანონს. არ მსურს სისხლისღვრა ან ძალადობა. გთხოვთ, არ დაუპირისპირდეთ პოლიციას და არ გახვიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში, არ ჩააგდოთ თქვენი სიცოცხლე საფრთხეში. მიხედეთ თავებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.
„მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება.
"ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, არც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა", - ამბობს ტიხანოვსკაია ვიდეო მიმართვაში.
უცნობია, როდის და სად ჩაიწერა აღნიშნული ვიდეო. ტიხანოვსკაიას მხარდამჭერების აზრით, ის ვიდეოში ტექსტს კითხულობს, რადგან კამერაში არ იხედება. მათ აქვთ ეჭვი, რომ სვეტლანა ტიხნოვსკაიას აიძულეს აღნიშნული ვიდეოს ჩაწერა. „მედუზას" ინფორმაციით, მიმართვა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ლიდია იერმოშინას ოფისშია ჩაწერილი. ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს და კამერას არ უყურებს.
10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ 3 საათი გაატარა ბელარუსის ცესკოს ოფისში. მისი კამპანიის წარმომადგენელის მარია კოლესნიკოვა თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი იქ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იყო.
"ადამიანმა, რომელიც 3 საათის მანძილზე, მარტო, ორ ძალოვანთან ერთად იმყოფება, ბოლოს ნებისმიერი ტექსტი შეიძლება წაიკითხოს", - ამბობენ ტიხანოვსკაიას შტაბის წევრები.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა. ლიეტუვამ მას ერთწლიანი ვიზა მისცა.
კორნელი კაკაჩიას თქმით, იმისათვის, რომ ბელარუსში გარდამტეხი ცვლილებები, ან თუნდაც რევოლუცია მოხდეს, საჭიროა გამოკვეთილი ლიდერის არსებობა. მისი აზრით, ლუკაშენკოს ხელისუფლება ისარგებლებს ამ გარემოებით და შეეცდება მაქსიმალურად შეანელოს საზოგადოებაში არსებული მუხტი.
„ბელარუსს უამრავი ლიდერი ჰყავს, თუმცა, მათი უდიდესი ნაწილი ციხეშია გამომწყვდეული. ტიხანოვსკაია თვითონ არც აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, უბრალოდ, არჩევნების წინ შექმნილმა გარემოებებმა ის აიძულა პოლიტიკაში მოსულიყო. ბუნებრივია, ის არ იყო ლიდერი და არ იყო მზად იმისთვის, რომ საკუთარ თავზე აეღო ლიდერის ფუნქციები. ეს გამოჩნდა იქიდანაც, რომ ზეწოლის შემდეგ, რომელიც მოახდინა ხელისუფლებამ მასზე, ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ლიდერების დეფიციტი ბელარუსის დღევანდელ რეალობაში ნამდვილად არსებობს.
„ფაქტია, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს და მოსახლეობა ცოტა არ იყოს გადაიღალა ლუკაშენკოს რეჟიმით. რევოლუცია დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ამ საპროტესტო მუხტის ჩახშობას და რამდენად შეძლებენ გამოკვეთილი ლიდერების გარეშე დარჩენილი პროტესტანტები ამ მუხტის შენარჩუნებას და გაზრდას, რაც მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ხელისუფლების საინტერესო სწორედ ესაა, რომ ახლა მიანელოს მუხტი და ამით ინტერესი ჩაუკლას დემონსტრანტებს. შექმნას მითი, რომ მიუხედავად ამ დემონსტრაციებისა ბელარუსში არაფერი არ შეიცვლება", - თქვა კაკაჩიამ.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, კაკაჩიას თქმით, რუსეთის მთავარი ინტერესი ბელორუსის სუვერენიტეტის დასუსტებაა. მისი აზრით, პუტინი ყველაფერს შეეცდება, რომ ბელარუსში არ განვითარდეს ის სცენარი, რაც თავის დროზე საქართევლოში და უკრაინაში განვითარდა.
„რუსეთის ინტერესი არის რამდენიმეგვარი. პირველი - მისი მიზანია, რომ შეასუსტოს ბელარუსის სუვერენიტეტი და აქედან გამომდინარე მისთვის მისაღებია ნებისმიერი სცენარი. თუ ლუკაშენკომ შეინარჩუნა ხელისუფლება, ბუნებრივია, რომ ის უკვე ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი და მისი ლეგიტიმურობა საკმოდ საეჭვო იქნება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე ადგილობრივი მოსახლეობის თვალში და ეს პრინციპში აწყობს რუსეთს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა მოახდინოს და დაათმობინოს მას სუვერენიტეტი.
„თუ სცენარი სხვა მიმართულებით განვითარდა და ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების კონტურები გამოიკვეთა, რუსეთი ეცდება, რომ რაღაცნაირად აქაც სარგებელი ნახოს. თუმცა, მას ყველაზე მეტად რისიც ეშინია ამ მომენტში, არის ის, რომ მას არ აწყობს პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციით მოსული ხელისუფლებები. იმიტომ, რომ ცუდად აქვს დაცდილი ვთქვათ უკრაინაში, საქართველოში და ბევრგან.
„აქედან გამომდინარე რუსეთს აქვს შიში, რომ ამას შესაძლოა გამოხმაურება მოჰყვეს თვითონ რუსეთში სადაც უკვე არსებობს გარკვეული უკმაყოფილება პუტინის რეჟიმისადმი. რუსეთის მთავარი მიზანი არის ის, რომ თავს მოახვიოს ბელარუსს ის ხელშეკრულება, რომლითაც ნიველირებული იქნება მისი სუვერენიტეტი. აქედან გამომდინარე, მოსკოვი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც იმ მომენტში მის სტრატეგიულ ინტერესებს დააკმაყოფილებს", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
საპრეზიდენტო არჩვნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმების 80,23%, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9% მოიპოვა.