
გერმანიის მთავრობა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, იმ შემთხვევაში, თუ ორგანომ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დაადგინა, ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს. ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, ჩვენი რეაქციის საფუძველი გახდება. თუ სასამართლო მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება", - განაცხადა ჰაიკო მაასმა.
თავის მხრივ ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთმა გერმანულ მხარესთან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სრულად ითანამშრომლა და ამჯერად პასუხს ბერლინისგან ელიან.
„ჩვენმა უწყებებმა გერმანულ მხარეს გადასცეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. ახლა ჩვენ გვსურს, ვნახოთ რაიმე მტკიცებულება იმ განცხადებებისა, რომლებიც გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა, როდესაც მკვლელობასთან რუსეთის კავშირზე განაცხადა. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა ლავროვმა.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, გერმანია რუსეთთან მიმართებაში უფრო მეტად შემწყნარებელ პოლიტიკას ატარებს, ვიდრე ბრიტანეთი, თუმცა მისი, აზრით არაა გამორიცხული, რომ „შესაბამის რეაგირებაში" ეკონომიკური და პერსონალური სანქციების დაწესება და ასევე „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ს პროექტის შეჩერებას განიხილებოდეს.
"გერმანიაში რუსეთთან მიმართებაში ცოტა ლიბერალები არიან, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო იმ ვერდიქტს გამოიტანს, რომელიც პროკურატურამ წარმოაჩინა, რომ ეს იყო ტერაქტი (რომელიც შესრულებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ).
„ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაცია ალბათ ისეთი იქნება, რომ ალბათ უშუალოდ გერმანიას მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღება მოუწევს და თან როგორც ჩანს ასევე შესაძლოა პერსონალური სანქციები იმ ადამიანებს დაეკისროთ, რომლებიც ტერაქტის დაგეგმვაში, ორგანიზაციაში და უზრუნველყოფაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები.
„არ ვიცი გერმანია რამდენად მივა იქამდე, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტი შეაჩეროს, თუმცა, ერთ-ერთ თემად ესეც შეიძლება განვიხილოთ. ასევე, ეს სასამართლო გადაწყვეტილება რუსეთ-გერმანიას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს, იმიტომ, რომ გერმანია დემოკრატიული სახელმწიფოა და შესაბამისად აქ სასამართლო გადაწყვეტილებას მეტ პატივს სცემენ. პროკურატურის განჩინება ერთია და მეორეა ამ ბრალეულობას სასამართლო რამდენად დაადასტურებს.
„ეს რომ „სოციალ-დემოკრატები" ყოფილიყვნენ, ალბათ სიტუაცია აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ მერკელის შემთხვევაში „ქრისტიან-დემოკრატების" კუთხით არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების საკითხი უშუალოდ გერმანიის მხრიდან დაისვას.
„გერმანელებმა პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მათთან არ თანამშრომლობენ, არ ვიცი საქართველო ამ საქმესთან რამდენად თანამშრომლობს და თუ არ თანამშრომლობს, ეს ძალიან ცუდია. აქ ჩვენი აქტიურობა საკმაოდ სერიოზული უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ რუსეთი ჩვენი მტერია.
„საქართველოს მხარემაც შეიძლება რომ გერმანიის მხარეს საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები მიაწოდოს. პირველი, რომ ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, მეორე ის, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა ჯერ კიდევ საქართველოში განხორციელდა, ბუნებრივია ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იქნებოდა და საქართველოს სპეცსამსახურებს ალბათ გერმანელებთან კონკრეტული ინფორმაციები უნდა გადაეცათ" - განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ თავისი საბოლოო დასკვნა ერთი წლის წინ ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებულ საქმეზე გამოსაძიებლად სასამართლოს გადაუგზავნა.
ნათქვამია, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ვინმე „ვადიმ კ.-მ" ბოროტმოქმედება რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა.
დასკვნის შემდეგ ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, მოსკოვს ახალი სანქციებით დაემუქრა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში ტირგარტენის პარკში კანცლერის ოფისისა და რაიხსტაგის შენობასთან ახლოს ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს, რომელიც პარასკევს მაჰმადიანთა ტრადიციულ ლოცვაზე მიდიოდა. მაშინ გერმანული მედია გამოძიების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობა იყო, რომლის კვალიც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებამდეც მისულიყო.
როგორც თვითმხილველები მაშინ ამბობდნენ, მკვლელმა მსხვერპლს პირველი ტყვია ზურგში ესროლა, ხოლო შემდეგ საკონტროლო გასროლა თავის არეში მოახდინა. გერმანული მედიის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა „სიკვდილით დასჯას" წააგავდა.