
9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო მონაცემების თანახმად მოქმედმა პრეზიდენტმა ალქესადრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ის უკვე 26 წელია ამ პოსტს იკავებს. ამ შედეგებს მინსკში გამოსვლები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. არჩევნებში 5 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ყველაზე ძლიერ ოპონენტად განიხილებოდა სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც საარჩევნო შეჯიბრში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი ქმარი, ცნობილი ოპოზიციონერი ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი დააპატიმრეს და აუკრძალეს ხელმოწერების შეგროვება, რათა არ მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
სვეტლანა ტიხანოვსკაია ოპოზიციიის საერთო კანიდატი იყო.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლიდია ერმოშინას განცხადებით, წინასწარი შედეგების თანახმად ლუკაშენკომ 80,23% მიიღო.
„ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკია, 9,9%-ით, მესამეზე ანა კონოპაცკაია, რომელმაც ხმების 1,68% მიიღო. ამომრჩეველთა 6,02% პროცენტმა კი ხმა ყველა კანდიდატის წინაღმდეგ მისცა. ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა", - ამბობს ერმოშინა.
საპირისპირო შედეგს აჩვენებს ხმების ალტერნატიული დათვლა, რომელსაც აქტივისტები აწარმოებდნენ ინტერნეტ-პლატფორმაზე „გოლოს". ამ შედეგით, ტიხანოვსკაიას ხმა მისცა დაახლოებით 80%-მა. საიტზე დარეგისტრირებული იყო მილიონამდე ამომრჩეველი.
არჩევნების ასეთ შედეგს დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მინსკში. ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქციები ღამის 3 სააათამდე გაგრძელდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინაარმდეგ ფიზიკური ძალა, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დაშავებულების და დაზარალებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. უფლებადამცველი ცენტრი „ვესნას" ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 140 ადამიანი. მედიაში ვრეცელდება ინფორმაცია ერთ ადამიანის გარდაცვალების შესახებაც, რომელსაც პოლიციის სატვირთო მანქანა დაეჯახა.
„ვთხოვ ყველას, ვინც ახლა გადაწყვეტილებებს იღებთ, ყველას, ვინც მეთაურებსა და სპეც. რაზმზე მაღლა დგას: არ გამოიყენოთ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ. ვთხოვ პოლიციასა და სამხედროებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ამომრჩევლებს: არანაირი პროვოკაცია, არანაირი მიზეზი მათ. რომ გამოიყენონ ძალა თქვენს წინააღმდეგ", - ნათქვამია ტიხანოვსკაიას გუშინ გავრცელებულ მიმართვაში.
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა და ის ამ შედეგზე აუცილებლად აგებს პასუხს. მისი თქმით, ეს საპროტესტო ტალღა ყველაზე ძლიერია, რაც კი ბელარუსის ისტორიაში ოდესმე ყოფილა.
„სიტუაცია უკვე არის რთული, იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერია ახლა ბელარუსში საპროტესტო ტალღა, რაც კი ყოფილა ოდესმე. პრინციპში ლუკაშენკომ, რა თქმა უნდა, გააყალბა არჩევნები, იმიტომ, რომ აღნიშნული შედეგი რამდენიმე დღით ადრე უკვე იყო ცნობილი.
„ბუნებრივია, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს მთლიანად ვერ მოუგებდა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ თითქოს მან მიიღო 70-80% და ეს დაუწერეს ლუკაშენკოს. მაგრამ ამაში არაა საქმე, საქმე იმაშია, რომ ლუკაშენკომ გააყალბა ისე, რომ გამოიწვია მასობრივი პროტესტი საზოგადოებაში.
„ბელარუსის ოპოზიციამ პირველად არ ცნო ლუკაშენკოს არჩევნები და ბუნებრივია მას ასევე არ ცნობს დასავლეთი, პოლონეთმა ევროკავშირის სასწრაფო სამიტის შეკრებაც კი მოითხოვა ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირში ასევე დააყენებს ლუკაშენკოს არალეგიტიმურობას. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს მისი ბოლო არჩევნებია. ის კლასიკური ავტორიტარული მმართველია და ეს ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენაა გადადგმული.
„არ ვიცი ახლა ლუკაშენკო რა გზით წავა, შეიძლება თავისი უფროსი შვილი წამოაყენოს კანდიდატად და შეეცადოს მემკვიდრეობით გადასცეს ხელისუფლება. თუმცაღა, ყველაფერი დამოკიდებულია საპროტესტო გამოსვლებზე, თუ ბელარუსში თვითონ პროვინციულ ქალაქებში დაიწყება სერიოზული საპროტესტო ტალღა, ამან შეიძლება ლუკაშენკო გადაიყოლოს.
„ლუკაშენკოს გამოსვლა, რომელიც მან ბრეჟნევის სტილში ჩაატარა - ეს ლუკაშენკოს სტილია, საბჭოთა სტილი და მან, როგორც საბჭოთა მენტალიტეტის პიროვნებამ, ბელარუსში საბჭოთა ცხოვრების სტილი დანერგა.
"ფაქტობრივად, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია ბელარუსში და ამას შეიძლება წყალი შეუდგეს ხალხსაც მობეზრდა ლუკაშენკოს ეს თავზეხელაღებული მმართველობა. შეიძლება მოხდეს ცვლილებები.
"ის გაყალბებები, რეპრესიები, რომლებიც მან პირდაპირ დაიწყო და ბოლო მონაცემებით გუშინდელი აქცეიების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა უკვე, სისხლი დაიღვარა და ეს ყველაფერი ლუკაშენკოსთვის კარგად არ დასრულდება", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
„ბიბისის" თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. მათ შორის, ეუთო-ოდირში აცხადებდნენ, რომ ბელარუსის მთავრობამ მათ არჩევნებზე დასაკვირვებლად აუცილებელი შესაბამისი მოსაწვევები დროულად არ გაუგზავნა.
ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა ვლადიმერ პუტინმა.
„იმედი მაქვს, თქვენი შემდგომი სახელმწიფოებრივი ქმედებები ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული რუსულ-ბელარუსული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს,"- ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.
მაისაიას თქმით, პუტინს საპროტესტო აქციების ლუკაშენკოს „გადაყენება არ აწობს". მისი თქმით, ის დაეხმარება ლუკაშენკოს შეინარჩუნოს პოსტი ცოტა ხნით და შემდეგ თავადვე „ჩამოიშორებს".
„მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ლუკაშენკოსთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს, მას მისი გადაყენება ამ ეტაპზე ნამდვილად არ აწყობს. ეს იქნება რუსეთის შიგნით ერთგვარი სიგნალი. მანდ ისედაც დაძაბულია სიტუაციაა რეგიონებში, ხაბაროვსკის ოლქში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პუტინი ყველანაირად შეეცდება, რომ ლუკაშენკოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება, მათ შორის თუ დასჭირდება ძალოვან სტრუქტურებსაც დაახმარს.
"ეს ჩანს კიდევაც იქიდან, რომ პუტინმა გამარჯვება უკვე მიულოცა ლუკაშენკოს. მისი გადაყენება პირველ რიგში დაარტყამს პუტინის მმართველობას. ამიტომ ის ყველანაირად შეეცდება, რომ ლუკაშენკომ ცოტა ხნით მაინც შეინარჩუნოს პოსტი. მერე კი მოაწყობს ე.წ. უსისხლო გადატრიალებას, გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას ლუკაშენკოს გარეშე.
„პუტინი ამას უფრო გააკეთებს, ვიდრე მხარს დაუჭერს საპროტესტო აქციებს. თუ ლუკაშენკომ გადააგორა ეს ტალღა და დიდი ალბათობაა რომ გადააგორებს, რამდენიმე წლის მერე პუტინი მოუმზადებს გარკვეულ საშინაო დავალებას ლუკაშენკოს, უფრო კარგად ორგანიზებულს, ვიდრე ეს მოუმზადა საქართველოს", - თქვა მაისაიამ „რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, რაიმე ტიპის ურთიერთობის ცვლილება საქართველოსა და ბელარუსს შორის ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.