5 კვადრატულ მეტრზე 1 ბავშვზე მეტის აკრძალვა უაზრობაა და მისი შესრულება შეუძლებელია
თამარ მუკბანიანი
04.08.2020

შეზღუდვების მოხსნა თითქმის ყველა სექტორს შეეხო. ერთადერთი აკრძალვა სწავლას ეხება და ისიც - არადისტანციურ რეჟიმში. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო წლის დაწყება ახლოვდება, თუმცა შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ არ აქვს რეკომენდაციები შემუშავებული და, შესაბამისად, ვერც სექტორი ემზადება სწავლის განახლებისათვის, რომელიც, ალბათ, კოვიდ 19-ის მეორე ტალღის დაწყებისთანავე შეწყდება. „რეზონანსი” შრომის ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ რეკომენდაციები შემუშავების პროცესშია და  საბოლოო ვერსია მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. 

ჯერ კიდევ 7 ივნისს სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამის უწყებებს მიმართვა გაუგზავნა, რომლის ადრესატები პრემიერ-მინისტრი (მთავრობის ადმინისტრაცია), თბილისის მერია, ბაღების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო იყვნენ. ერთობლივი პეტიციით, კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვდნენ. დაწესებულებების წარმომადგენელებს სურთ, რომ შემუშავდეს მათი მუშაობის სპეციალური გრაფიკი, რის შემდეგაც „მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ“.

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი 1 თვეში უნდა დაიწყოს, სახელმწიფოს რეკომენდაციებიც კი არ აქვს, რომელთა შესრულება სააღმზრდელო დაწესებულებებს მოუწევთ. ,,იავნანას“ ხელმძღვანელი სალომე ჭანტურიშვილი ,,რეზონანსთან” დეტალურად აღწერს ვითარებას, სანამდეც სექტორი დროში გაჭიანურებულმა პროცესმა მიიყვანა. 

,,რეკომენდაციების ნაწილი უკვე მოგვაწოდეს, რომელიც განვიხილეთ შრომის ინსპექციასა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად. ჩვენ მათ ვუთხარით, რა იყო და რა - არა. მთავარი პრობლემა არის კვადრატულობა, რადგან 5 კვადრატული უნდა იყოს გათვლილი თითოეულ ბავშვზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, შენობების მოცულობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2-3 კვადრატის ფარგლებში იყოს რეგულაცია. დანარჩენი, ასე თუ ისე, მოგვარებადია. 

ახლა ვართ დამატებითი რეკომენდაციების და უკვე არსებულის გადახედვის მოლოდინის რეჟიმში. შრომის ინსპექციაში გვითხრეს, რომ ეპიდემიოლოგებს აქვთ დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ არ მიგვიღია, არადა, უკვე ძალიან გვიანდება, რადგან ჩვენ უნდა აღვადგინოთ სწავლა, ასევე განვაახლოთ ხელშეკრულებები მოიჯარეებთან. თუ არ გვეცოდინება, გადაიხედება თუ არა ზედა ზღვარი, 5 კვ/მ-ის მოცულობით, ფიზიკურად შეუძლებელია დავგეგმოთ საქმიანობა, რადგან ამ შემთხვევაში ვერ გადავიხდით ვერც ფართის და ვერც პერსონალის ფინანსურ ვალდებულებებს. 

ამ ეტაპზე, თითოეულ ჯგუფში დაიშვება 15 ბავშვი. ეს ნორმა თუ ამოქმედდა, 5 ბავშვამდე შემცირდება. ალბათ გესმით, რა მასშტაბზეა საუბარი. ამ დროს ჩვენ ისედაც ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ და 6 თვეა, მუშაობის უფლება არ გვეძლევა. 

გარდა შენობების გადასახადისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი დასაქმებულები სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი 200 ლარის იმედად ვერ იქნებოდნენ და ახალი სამსახურები იპოვეს, ანუ ჩვენ კადრებიც აღარ გვყავს, ამ ყველაფრის შედეგი კი არის დახურვის პირას მყოფი ბაღები. შრომის ინსპექცია პირველად რეკომენდაციებს თუ არ გადახედავს, თითო-ოროლა კერძო ბაღი დარჩება, რადგან არსებობას ვეღარ შევძლებთ. მერწმუნეთ, ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი სექტორი ვართ, რომელიც არაფერს ითხოვს, ადეკვატური რეკომენდაციებისა და სწრაფი ინფორმირების გარდა”, - განუცხადა ,,რეზონანსს” სალომე ჭანტურიშვილმა. 

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყება მიბმული იქნება კვადრატულ მეტრზე ბავშვების რაოდენობაზე თუ რაიმე სხვა მექანიზმი იქნება მოფიქრებული. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ამბობს, რომ სწავლის გადავადების საკითხი არ განიხილება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, რომ  პრევენციის ყველასთვის მისაღები პირობები იქნას შემუშავებული. 

„ამ შემთხვევაშიც არ არის გადაწყვეტილი, რეკომენდაციები მიებმება კვადრატულობას თუ პრევენციის რაიმე სხვა ზომა იქნება მიღებული“, - აღნიშნა ფერაძემ.

მდგომარეობა უკეთესია კერძო სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, თუმცა სწავლის საკლასო ოთახებში აღდგენა მათთვისაც მნიშვნელოვანია. სკოლა ,,მწიგნობრის” წარომადგენელი ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ძირითად პრობლემას გაურკვევლობა ქმნის. 

,,როგორც, კერძო ბაღებს, ასევე ჩვენც შენობები იჯარით გვაქვს აღებული. საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით, კერძო სკოლები დისტანციურ რეჟიმზე ვიყავით და, შესაბამისად, შემოსავალიც გვქონდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ფიზიკურად სწავლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია. მართლა გაუგებარია, თუ ზღვაზე დასვენება, რესტორნებსა და ბარებში სიარული შეიძლება, სწავლა რატომ იქცა ერთადერთ აკრძალულ სფეროდ”, - განაცხადა კერძო სკოლის წარმომადგენელმა. 

,,რეზონანსი” შრომის ინსპექციასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ რეკომენდაციები შემუშავების პროცესშია და მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მათ უფრო მეტი დეტალის დაკონკრეტება აღარ ისურვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×