
ინტერნეტბაზარზე შეიძლება, სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. ამის იმედს იძლევა ახალი პროექტი, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელდეს და საქართველოს მისცეს ინტერნეტის ახალი წყალქვეშა კაბელიდან მიღების შესაძლებლობა. სპეციალისტებს უჭირთ გადაჭრით თქმა, რამდენად შეამცირებს იგი ტარიფებს და მომსახურების ხარისხზე რა გავლენას მოახდენს, თუმცა ამბობენ, რომ ცვლილების დროა დადგა. საქართველოში როგორც ფასის, ასევე ხარისხის მხრივ დიდი პრობლემაა, ხოლო ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის გამო, არსებული პირობები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას ურთულებს.
სწორედ ასეთ სიტუაციაში დაანონსდა ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა. ბიზნესპროექტს „კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. როგორც მან ,,ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, კომპანიიდან წასვლის შემდგომ, ახალ მესაკუთრეებს კაბელი არ შეუცვლიათ, რამაც აბონენტებისთვის ინტერნეტის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია. სანადირაძის ახალი პროექტის იდეაც ხარისხიან ინტერნეტზე მაღალი მოთხოვნის გამო გაჩნდა.
„ახალ კაბელზე მუშაობა დაწყებულია. ზღვის ფსკერზე საპროექტო მოძიებითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამას ამერიკული კომპანია შუბცომ-ი უზრუნველყოფს. კაბელი რუმინეთის პორტ „კონსტანცადან“ წამოვა და ფოთის ჩრდილოეთით დაბოლოვდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მლნ აშშ დოლარია, რომლის დიდ ნაწილს ამერიკის ექსპორტ-იმპორტ ბანკი და ჩემი ვაშინგტონელი პარტნიორი ფარავს“, - განაცხადა სანადირაძემ.
ახალი ინვესტიციის განხორციელებას ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს პარტია ,,რეფორმერის” წევრი, კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი ლაშა პატარაია. მისი თქმით, ინტერნეტმომსახურებაში ხარისხის გაუმჯობესება და ფასები ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა ამის შემდეგ როგორი იქნება ტარიფი და რა შეიცვლება ამ მხრივ ბაზარზე, ექსპერტი პროგნოზის გაკეთებას არ ჩქარობს.
,,აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საქართველოში ხარისხიან, სწრაფ, დაცულ კომუნიკაციასთან კავშირი და ეს საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გადაწყდეს. ინტერნეტი არის განათლების წყარო, ფსიქოლოგიური ფაქტორი, უსაფრთხოება. მრავალი საკითხი სწორედ ინტერნეტზე გადის. ამდენად, ახალი მოთამაშის შემოსვლას მივესალმები, ამისთვის ბაზარი უფრო ღია, მოქნილი და მიმზიდველი უნდა გახდეს. დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა და კონკურენციის მხრივ კარგი სიახლეა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი ხელშეწყობა ბიზნესიდანაც.
ცვლილება მომსახურების ფასზე რამდენად აისახება, ვერ ვიტყვი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვერც კრიტიკული ვიქნები, რადგან ახალი მოთამაშის გამოჩენა ამ სფეროში უკვე პოზიტიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში მსხვილი კორპორაციების მისწრაფებაა, რომ ინტერნეტი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რასაც მოწმობს ბოლო წლების რეგულაციები ვაშინგტონში. ინტერნეტი გაუტოლდა ისეთ უფლებებს, როგორებიც არის: განათლების მიღების საშუალება, უსაფრთხო გარემო, ეკოლოგია და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ლაშა პატარაიამ და იმ რამდენიმე ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი აზრით, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.
,,სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. რეგიონებში განსაკუთრებით ბევრს აქვს პრობლემა, რადგან დაფარვის ზონა არ არის იმ რეალობის ადეკვატური, როგორიც უნდა იყოს იგი თავისი ხარისხის დონით. პარადოქსია, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ინტერნეტი იმის გამო, რომ ძვირი ღირს და ვერ ახერხებს ამ მომსახურების ყიდვას.
სხვა ქვეყნების გამოცდილებას რომ შევადაროთ, ინტერნეტი ჩვენთან საკმაოდ ძვირია. დიდი ხნის განმავლოაბში არაერთი დაპირება იყო, მათ შორის - სამთავრობო დონეზეც, რომ მოეხდინათ მოსახლეობის ინტერნეტიზაცია, მაგრამ არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ახალი პროვაიდერის შემოსვლა, მით უმეტეს - მაგისტრალური არხიდან, მნიშვნელოვანია. რას შეცვლის ამ კუთხით, ვერ გეტყვით, მაგრამ კარგი სიგნალია, რომ მოხდება არხების დივერსიფიკაცია, საიდანაც ინტერნეტი მოგვეწოდება. ხარისხსა და ფასებზე საუბარი, ჯერჯერობით, ძალიან მიჭირს, რადგან არ ვიცი საინვესტიციო პროექტის სტრატეგიის შესახებ”, - დასძინა ლაშა პატარაიამ.
რაც შეეხება ტარიფებს, მამია სანადირაძის განცხადებით, ახალი კაბელის დამატებით საქართველოს უფრო სწრაფი და იაფი ინტერნეტი ექნება, რაც ასევე დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურებაზეც აისახება.
„ამ პროექტის მეშვეობით ინტერნეტი უფრო გაიაფდება, რადგან ჩვენ მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერებზე ვიქნებით ორიენტირებული. ეს გააუმჯობესებს დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურებას და უფრო სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოს ინტერნეტ ბაზარი დიდი არ არის. ჩვენი ახალი კაბელი დაახლოებით 120 ტერაბაიტ საწყის ინფორმაციას გაატარებს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ჩინეთის ნაკადებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მამია სანადირაძემ.
ცნობისთვის, "საბკომი" თანამედროვე ქსელების წყალქვეშა გაყვანილობის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორისაა ომანი-ავსტრალიისა და მანატუის საკაბელო სისტემები. კომპანია 1955 წლიდანაა ბაზარზე და მსოფლიოს მასშტაბით დღემდე 200-ზე მეტი წყალქვეშა საკაბელო სისტემა აქვს გაყვანილი.