ვანო მთვრალაშვილი: რადგან კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, ბაზარზე სტაბილური ვითარება ვერ იქნება
ირაკლი ლომიძე
03.08.2020

კოვიდ-19-თან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვების გაუქმებამ და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ეკონომიკის გახსნამ საწვავზე მოთხოვნისა და ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ტენდენცია მაისის შუა რიცხვების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება.  ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი გავლენა ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით ,,ოპეკისა“ და ,,ოპეკი პლუსის" წარმომადგენელ ქვეყნებს შორის უპრეცედენტო შეთანხმების მიღწევამ მოახდინა. 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, მარტის შემდეგ, ნავთობპროდუქტებზე ყველაზე მაღალი ფასია დაფიქსირებული. საერთაშორისო ტარიფები ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ, ბენზინსა და დიზელზე ბოლო ორი თვეა, სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. 

,,პანდემიის დროს, თუკი აპრილში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 22-24 დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 44 დოლარს აღწევს. გარდა ამისა, ფასი გაზრდილია,,პლატცის“ მიხედვით, სადაც ასევე მნიშვნელოვანი მატებაა. პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კარანტინი იყო. შეზღუდვა სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე მოხსნილია თითქმის ყველგან, შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნის აღდგენა დაიწყო. ეს თვალსაჩინო პროცესია, რომელსაც შეიძლება, ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც დავაკვირდეთ: 

მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა თითქმის არ იყო, ბევრი ეკონომიკური სფერო გაჩერებული იყო და საწვავზე მოთხოვნა მინიმუმზე დაეცა. დღევანდელი მოცემულობა რადიკალურად განსხვავებულია და საწვავის მოხმარება, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამდენად, ფასის ზრდის მთავარი ფაქტორი გახდა მოთხოვნის ზრდა და „ოპეკის“ ქვეყნების შეთანხმება მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით.  

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოხდა უპრეცედენტო შეთანხმების მიღწევა ,,ოპეკი პლუსსა" და ,,ოპეკის“ ქვეყნებს შორის წარმოების 9,7 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. ეს უპრეცედენტო, ფუნდამენტური ფაქტორია, რამაც ბაზარზე ძალიან იმოქმედა და გაძვირება გამოიწვია“, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

საწვავმა გაძვირება დაიწყო შიდა ბაზარზეც. საქართველოში ფასების მატების პირველი ტალღა არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ისინი მარაგების გარეშე მუშაობენ. როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ბოლო 2 თვის განმავლობაში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის საშუალოდ 30-35 თეთრით, ხოლო ბრენდირებულ სადგურებზე 10-12 თეთრით მატება საერთაშორისო ბაზარზე ბლოდროინდელმა ცვლილებამ განაპირობა.

,,ქართული ბაზარი გლობალურ ტენდენციას მიჰყვება და ნავთობზე ფასები აქაც მატულობს. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში, საშუალოდ, ფასი 1 ლიტრ პროდუქტზე 30-35 თეთრით არის გაზრდილი. ბრენდირებულ სადგურებში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 10-12 თეთრია.  სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ არაბრენდირებულებს არ აქვთ ნაშთი, მარაგი არ გააჩნიათ და უფრო სწრაფად რეაგირებენ ფასებზე, რის შესაძლებლობაც ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში არ შეინიშნება. 

რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, იმ მოცემულობაში, რაც დღეს საერთაშორისო ბაზარზე არსებობს და ბოლო 2 თვის დინამიკა მეტყველებს, საწვავის ღირებულება კვლავ გაიზრდება. ცხადია, ეს არ იქნება სტაბილური ფასი, რადგან  კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, ხოლო ნავთობის გლობალური ბაზრების ტენდენცია ბოლო პერიოდში უშუალოდ პანდემიას უკავშირდება", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×