
გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ დაკავებული არასრულწლოვნის მამის თამაზ ხომასურიძის მიმართვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის მოთხოვნაზე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს.
"მესაუბრა წეღან გიორგის დედაც და მამაც, დამირეკეს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევითო, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი, უბრალოდ ისე არ მოხდეს, რომ პროცესზე ან სადმე გადავიკვეთოთო, თორემ საშინელებას დავატრიალებთო" - აღნიშნა ნიკოლაძემ "360 გრადუსში".
დღეს თამაზ ხომასურიძემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურს და მისთვის სათქმელი ბევრი აქვს. მისი აზრით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.
"თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს; მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს. მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - განაცხადა ხომასურიძემ.