
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის განსახორციელებლად ახალი ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს.
ნათია თურნავა უარყოფითად აფასებს ანაკლიის კონსორციუმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და ამბობს, რომ სამართლებრივ დავას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
„ხელშეკრულების თანახმად ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა ახალი მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა მთელი ამ პერიოდის მანძილზე სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას.
სამართლებრივ დავას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არის ამ საკითხის პოლიტიზირების მცდელობა და მცდელობა იმისა, რომ ხელი შეგვიშალოს მთავრობას ახალი ინვესტორის მოძიებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.